რამდენი ხნით იცავს ანტისხეულები ადამიანებს კოვიდისგან?
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ ჩვენი იმუნური სისტემის რუკას ქმნიდა. რამდენიმე კვირაში ერთხელ, დაავადებათა კონტროლის ცენტრების მკვლევარები სისხლის ათობით ათას ნიმუშს სწავლობენ.
ეს კვლევები, რომელთა მიზანიც ვაქცინით ან ინფექციის გადატანის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულების განსაზღვრაა, მეცნიერებს დაეხმარა, შეექმნათ პანდემიის სხვადასხვა გამოცდილების რუკა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ადგილას იმ ადამიანების წილი, რომლებიც ანტისხეულების მატარებლები არიან, მოსახლეობის 90%-ს შეადგენს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელება დიდი მასშტაბისაა, ხოლო მისგან დაცვის დონე გარკვეულწილად არსებობს.
ისეთ ადგილებში, როგორიც სან-ფრანცისკოა, თითქმის ყველა შემთხვევაში ანტისხეულები აქვთ ვაქცინირებულ ადამიანებს. სამხრეთით კი, სადაც ვაქცინაცია გაცილებით ნაკლებია, ანტისხეულების ყველაზე დიდი წილის მიზეზი თავად ვირუსია – ზოგ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 50%-ც კია.
რამდენხანს გრძელდება დაცვა გადატანილი ინფექციის შემდეგ, ამას მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა, როგორც ჩანს, ის ნაკლებად საიმედოა, ვიდრე ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი. ეს ნიშნავს, რომ სან-ფრანცისკო და მისი მსგავსი ადგილები უფრო მეტად არიან დაცულები მომავალი აფეთქებებისგან.
უდავოა, რომ ინფექციების შედეგად მიღებული ანტისხეულების ფასი უფრო მაღალი ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალებაა. ისეთ ადგილებში, როგორიცაა სან-ფრანცისკო, არასდროს არ ყოფილა 100 ათას ადამიანზე 100 დაღუპული. ნაკლებად ვაქცინირებულ ადგილებში კი ეს მაჩვენებელი მალე იქნა მიღწეული და მოგვიანებით – გადალახულიც კი.
„მონაცემთა ამ ტიპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმის გასააზრებლად, როგორ მივედით პანდემიის ამ მომენტამდე, არამედ იმისთვისაც, სადამდე შეიძლება ის წავიდეს მომავალში. რადგანაც იმუნიტეტს აქვს დროთა განმავლობაში შესუსტების ტენდენცია, რამდენიმე თვეში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში დაცვის სხვადასხვა დონე იარსებებს, იქნება ეს ვაქცინაცია, გადატანილი ინფექცია თუ ერთისა და მეორის ერთიანობა. თუკი გამოჩნდება ახალი ვარიანტი ან მოვა ვირუსის ახალი ტალღა, ჩვენი დაცვა, როგორც ჩანს, დამოკიდებული იქნება იმაზე, სად ვცხოვრობთ და ასევე იმაზე, რამდენად შესუსტდა ჩვენი დაცვა,“ – ნათქვამია სტატიაში.