ისრაელში კოვიდით ინფიცირების შემთხვევების ზრდის სტატისტიკა ანტივაქსერებისა და ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფებისთვის იმუნიზაციის საწინააღმდეგო არგუმენტად იქცა. თუმცა, Bloomberg-ის სტატიაში, რომელშიც აღნიშნული ტენდენციის მიზეზებია განმარტებული, ვაქცინაციის სასარგებლო ძლიერი არგუმენტებია მოყვანილი.
კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელმა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოს ერთერთი ლიდერი იყო, ყოველდღიური დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესახებ განაცხადა. ამან კი ახალი სტიმული მისცა აგვისტოს პირველ რიცხვებში დაწყებულ რევაქცინაციის კამპანიას.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორშაბათს ქვეტანაში 10947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იანვრის მაქსიმუმს აჭარბებს. ამასთან, ვირუსზე ტესტირება განსაკუთრებით აქტიური იყო გასულ კვირაში, როდესაც მოზარდები სკოლაში დაბრუნებისთვის ემზადებოდნენ. დადებითობის მაჩვენებელმა 7,7% შეადგინა, რაც მიმდინარე ტალღისთვის მაქსიმალური მონაცემია. ასევე გაიზარდა მძიმე შემთხვევების რაოდენობაც, თუმცა იანვართან შედარებით ის მნიშვნელოვნად დაბალია.
ამ თვის დასაწყისში ისრაელმა ხანში შესული ადამიანების ბუსტერის კამპანია დაიწყო და გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც 12 წლიდან ასაკის მოზარდებიც ჩართო. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომდგენლებმა განაცხადეს, რომ პირველი აცრების ეფექტი 5 თვის შემდეგ სუსტდება, ამიტომ ბუსტერები აუცილებელია.
9,4 მილიონიანიმოსახლიდან თითქმის 6 მილიონი მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი, 5,4 მილიონზე მეტმა ორი დოზა მიიღო, 2,1 მილიონმა კი სამი.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულ პირებს შორის იყო „ჩავარდნები,“ ციფრები აჩვენებს, რომ აუცრელ ადამიანებში, ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის შედეგები უფრო მძიმეა. 60 წელს გადაცილებულ, აუცრელ პაციენტებში დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევებმა 100 ათას ადამიანზე 196 შეადგინა, სრულად ვაქცინირებულებში კი 19,8.