საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებს დადებითად აფასებენ და წარმატებულს უწოდებენ პოლიტიკოსები, მედიკოსები და ექსპერტები.
გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის“ წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებასა და მის ეფექტურობაზე გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, ჯერ კიდევ, პირველი ვიზიტის დროს ისაუბრა და აღნიშნა: „გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს. მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა“.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებულ ცვლილებებს და აღნშნავს, რომ დღეს ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა:
„საყოველთაო ჯანდაცვა მნიშვნელოვანი შეღავათია სოციალურად დაუცველებისათვის. ფინანსდება სერიოზული, ძვირადღირებული ოპერაციები, რომლებიც მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს დიდი მიღწევაა, თუმცა საშუალო და მსუბუქი ფორმების დაფინანსება გამოწვევად რჩება. საბოლოო ჯამში, ჯანდაცვა უკეთესი მიმართულებით მიდის. განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისაგან, როდესაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ითვლებოდა. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც განხორციელდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ქვეყანაში“.
რაც შეეხება საქართველოს ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში „გლობალური ალიანსისა“ და მისი ექსპერტების, ასევე ბერნარ კუშნერის ჩართულობას, ექსპერტი მნიშვნელოვანსა და აუცილებელს უწოდებს:
„ძალიან მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიმაჩნია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება რეფორმების დაგეგმვის პერიოდში. მაგალითად, ბელგიაში ძალიან კარგად არის აწყობილი დაზღვევის სისტემა. ამიტომ კარგი იქნება, თუ სწორედ ბელგიური მეთოდი გადმოვიღოთ. საბოლოო ჯამში საქართველოში ჯანდაცვის სფერო ყველაზე წარმატებულია. დღეს მდგომარეობას ვერ შევადარებ წინა ხელისუფლების დროს. დღეს ადამიანის უფლებები დაცულია და მის სიცოცხლეს მიენიჭა ღირებულება, ხოლო ადრე – მას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდა“.