მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საქართველოში სიკვდილიანობა შემცირდა, სიცოცხლის ხანგრძლივობამ კი მოიმატა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი - მომატებული.

საქართველოში სიკვდილიანობა შემცირდა, სიცოცხლის ხანგრძლივობამ კი მოიმატა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი – მომატებული.

ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კლაუდია შტეინმა საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონაცემების წარდგენისას განაცხადა.

ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ მონახაზი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოამზადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის განცხადებით, ქვეყანაში დაავადებების აღრიცხვიანობა, ასევე, დაბადება-გარდაცვალების რეგისტრაცია გაუმჯობესებულია, რაც გამოწვევების შეფასებას და მასზე რეაგირების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას ხდის შესაძლებელს.

მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კლაუდია შტეინმა.

„ანგარიშიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში კარგი პროგრესია. საქართველოში სიკვდილიანობა – შემცირებული, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მომატებულია. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა ვხედავთ, რომ ზოგიერთი რისკფაქტორი ძალიან მაღალია, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალ დონეს. მაგალითად, თამბაქო და როგორც ვიცით, საქართველო ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებებს ახორციელებს”, – განაცხადა კლაუდია შტეინმა.

საქართველო ჯანმო-ს 53 ქვეყანას შორის, საბერძნეთის, სლოვენიისა და მოლდოვას შემდეგ, მეოთხეა, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონახაზი შეიმუშავა. დოკუმენტში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მაჩვენებლებია თავმოყრილი და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის არსებული მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესაფასებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზე ჯანმო-ს ორგანიზებული საერთაშორისო სასწავლო კურსი 23 ოქტომბერს გაიხსნა. შემოდგომის სკოლა ქვეყნების ეროვნული მონაცემების განხილვისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად ევროპის რეგიონში „ჯანმრთელობა 2020“-ის სტრატეგიის განხორციელებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

pia.ge

იხილეთ ასევე

ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი მათი ცენტრის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ტარდება და საქართველო-გერმანიის საიუბილეო წლისადმია მიძღვნილი.

დღეს ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება

სასტუმრო „Holiday Inn“-ში დღეს ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური …