2017 წლის 27 აპრილს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრში პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის მიერ უპრეცედენტო ოპერაცია გაკეთდა.
65 წლის თ. ა-ს კარდიოქირურგიული ოპერაცია 6 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობის მიზნით უკეთდებოდა: მიტრალური სარქვლის პლასტიკა-რეკონსტრუქცია, კორონარული შუნტირება, აორტარული სარქვლის და აღმავალი აორტის პროთეზირება.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს.
პაციენტი თ. ა. ოპერაციის შემდგომ INR-ის გეგმიურ შემოწმებაზე მოდის და ჩვენ მას ვესაუბრებით.
თ. ა. 65 წლის: გულის მანკი მქონდა, ოპერაცის დღემდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. თავს სუსტად ვგრძნობდი, თუმცა ფიზიკურ დატვირთვას ვერიდებოდი-თქო, ვერ ვიტყვი. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ უჰარეობის გამო უნდა გავჩერებულიყავი. ღამით კი უძილობა მაწუხებდა, ყოველ დილით 5 საათზე საწოლიდან უნდა ავმდგარიყავი რომ მესუნთქა. მოკლედ, მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
ჩემმა ნათესავმა გაიკეთა თქვენთან ოპერაცია, მან მირჩია კონსულტაციაზე მოვსულიყავი ბატონ გერმანე ლომთათიძესთან (აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას, როგორც ბრწყინვალე ექიმს.) ექოსკოპიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რთული ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. კონსულტაციის შემდეგ, მოსაცდელში შევყოვნდი, ჩემმა ვითარებამ შემაღონა, თუმცა სხვა პაციენტებთან გასაუბრებამ ძალიან დამამშვიდა. მათგან შევიტყვე ბატონ ზვიად ბახუტაშვილის შესახებ, ისინი მას სასწაულმოქმედად მოიხსენიებდნენ და ამაში მეც დამარწმუნეს. ეს რწმენა გამყვა მანამ, სანამ ამაში ოპერაციის შემდგომ თავად არ დავრწმუნდებოდი.
26 აპრილის საღამოს, ოპერაციამდე ერთი დღით ადრე ბატონი ზვიადი პალატაში შემოვიდა და საოპერაციო პაციენტებს გაგვესაუბრა. მან ამიხსნა ჩემი მძიმე მდგომარეობის შესახებ, თან დამამშვიდა, მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მიუხედავად რწმენისა, ვგრძნობდი თუ რა სირთულის ოპერაციაც უნდა გადამეტანა. საოპერაციო ბლოკში დაწვენამდე სახლში ყველაფერს გამოვემშვიდობე.
შემდეგ უბრალოდ დავიძინე, გავიღვიძე და ახლა მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ზვიადს, მან მე მეორე სიცოცხლე მაჩუქა… ასევე მთელს კლინიკას, ყველამ ძალიან შემაყვარა თავი. გაწერის დღეს აქედან წასვლა არ მსურდა, ამ ემოციას ალბათ მხოლოდ სხვა ნაოპერაციები პაციენტები გაიგებენ.
პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი: აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდოლოგიის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ მსგავსი კომპლექსური ოპერაციები. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა 2 ან 3 სხვადასხვა ოპერაცია ერთად, თუმცა ეს მართლაც გამორჩეული იყო. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობამ მხოლოდ ეს არჩევანი დაგვიტოვა.
კარდიოქირუგიაში ერთი პათოლოგიის მკურნალობის დროს მეორეს უგულებელყოფა არ შეიძლება, ამან შეიძლება ფატალური შედეგი მოგვცეს. ამასთანავე, პაციენტს არ აღენიშნებოდა სხვა ორგანოების პათოლოგიები. საბოლოო ჯამში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია. პაციენტი 7 დღეში გაეწერა სახლში. აღსანიშნავია, რომ უახლოესი პოსტოპერაციული პერიოდის გავლის შემდეგ, ის მხოლოდ ასპირინს მიიღებს. ანტიკოაგულანტური მკურნალობა მას არ დასჭირდება.