მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » UNFPA-ს საქართველოს ოფისი ექიმებთან და ექსპერტებთან შეხვედრას მართავს
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მეან-გინეკოლოგები თბილისიდან,ქუთაისიდან, UNFPA -ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები წაუძღვებიან

UNFPA-ს საქართველოს ოფისი ექიმებთან და ექსპერტებთან შეხვედრას მართავს

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 1-3 დეკემბერს ბორჯომში, სასტუმრო “რიქსოსში” თემაზე “ციფრებს მიღმა” მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში” სამუშაო შეხვედრას მართავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მეან-გინეკოლოგები თბილისიდან და ქუთაისიდან, UNFPA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები წაუძღვებიან.

შეხვედრა ეძღვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) “ციფრებს მიღმა”/Beyond the Numbers (BtN) მეთოდოლოგიის პრეზენტაციას, ევროპულ და კავკასიის რეგიონში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და ამ მეთოდოლოგიის დანერგვის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას პილოტურ დაწესებულებებში თბილისში და ქუთაისში.

აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა WHO/UNFPA-ის უშუალო ხელშეწყობით უკვე დაინერგა ევროპის 14 ქვეყანაში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დედათა სიკვდილიანობის და ორსულობის გართულების საზედამხედველო სისტემის შექმნას ამ ქვეყნებში და შედეგად, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდში აცხადებენ, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი და საზრუნავია. მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია უკანასკნელ ათწლეულში, დედათა სიკვდილიანობის დონე კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ევროპაში და ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოში დედათა სიკვდილიანობის და ავადობის აუდიტის მეთოდოლოგიის შემუშავება/ადაპტაცია, იმპლემენტაცია და მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ დედათა სიკვდილის მიზეზთა შორის სჭარბობს ის მიზეზები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი სამედიცინო მეთვალყურეობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ დედათა სიკვდილიანობის და მძიმე ავადობის შემთხვევათა გამოვლენის და შესწავლის ინოვაციური მეთოდოლოგია – “ციფრებს მიღმა” ითვალისწინებს კლინიკური აუდიტის, როგორც ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვას და ორსულობის რისკების დროულ გამოვლენას, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო დედობა საქართველოში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …