უკრაინაში იგეგმება 10 ინოვაციური ჰაბის განთავსება, სადაც სამკურნალო საშუალებების შენახვა და წამლების ავტონომიური საჰაერო მიწოდების ტექნოლოგიების დანერგვა მოხდება.
ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ კომარიდმა განაცხადა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Zipline-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანია უკრაინაში საპილოტე პროექტის განხორციელებას გეგმავს. მისი მიზანია, ქვეყნის ტერიტორიაზე წამლების შესანახი 10 ჰაბი-საწყობი განათავსოს. მათი შექმნა კიევის რეგიონიდან დაიწყება. შეხვედრის დროს სწორედ ამ ჰაბების მშენებლობა და მიწოდების პოტენციური მარშრუტები განიხილეს.
კერძოდ, საუბარია წამლების მიწოდებაზე საწყობიდან 100 კილომეტრის რადიუსში, მიწოდების დროდ 1 საათი სახელდება, ტვირთის მაქსიმალური წონა კი 2 კილოგრამი იქნება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ომის პერიოდში მუშაობის თავისებურებაზე და დრონების გამოყენების უსაფრთხოებაზე.