უკრაინის სახელმწიფო მზადაა, საკუთრი მოქალაქეები რადიაციული ზემოქმედებისგან დამცავი პრეპარატებით მოამარაგოს. ამის შესახებ საერთო ეროვნული ტელემარათონის დროს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
„ჩვენ ვემზადებით და მომავალშიც მოვემზადებით შესაძლო ავარიებისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე და სხვაგან. ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ, თუმცა ახლა აფთიაქში გაქცევა არაა საჭირო,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სახელმწიფომ საკმარისი რაოდენობის პრეპარატები შეიძინა, რომლებიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ფარისებრი ჯირკვალი რადიაციული ზემოქმედებისგან დაცული იყოს.
„ეს პრეპარატები გაიცემა მაშინ, როცა ასეთი საჭიროება დადგება. პოტენციური საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე არსებული ჯანდაცვის ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილია ამ პრეპარატებით და საწყობებში პრეპარატის დიდი რაოდენობაა,“ – აღნიშნა ვიქტორ ლიაშკომ.
მისი განცხადებით, სახელმწიფო მზადაა, ოპერატიულად მიაწოდოს პრეპარატი იმ ზონებს, სადაც შესაძლოა რადიაციული ტალღა გავრცელდეს. პრეპარატის ერთი აბი საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად საკმარისია, თუმცა ამ ეტაპზე არ დგას საჭიროება, რომ მედიკამენტი მოსახლეობას დაურიგდეს.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება 5 აგვისტოს შემდეგ დაძაბულია. კიევი და მოსკოვი ატომური ობიექტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
აშშ ეთანხმება უკრაინის მოთხოვნას, რომ რუსმა სამხედროებმა, რომელთაც სადგური მარტის შემდეგ აქვთ ოკუპირებული, ტერიტორია უნდა დატოვონ. ამასთან, გაერო მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.
ამასთან, „ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელის გავრცელების პროგნოზი მოამზადა.
უკრაინული კომპანიის პროგნოზით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეექვსე ენერგობლოკზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს დაფარავს. კომპანიაში ასეთი პროგნოზი 29 აგვისტოსთვის ჰაერის მასების მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეზე დაყრდნობით გააკეთეს.