რუსულ ბაზარზე იმპორტირებული სამედიცინო ნაწარმი, მათ შორის მოწყობილობები და სახარჯი მასალები, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდ შემდეგ 20-70%-ით გაძვირდა. ინფორმაციას რუსული საქმიანი გამოცემა „ვედომოსტი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სამედიცინო ტექნიკის მთელმა რიგმა მწარმოებლებმა რუსეთში მიწოდებები შეაჩერეს. რუსეთი კი უცხოეთიდან ყიდულობს ისეთ მნიშვნელოვან აპარატურას, ტოგორიცაა ულტრაექოსკოპიური, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტორეზონანსური აპატარები, ასევე მონიტორები რეანიმაციისთვის, საოპერაციო მიკროსკოპები, ნარკოზის მანქანები, ელექტროქირურგიული აპარატები, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატები და უამრავი სხვა.
„ვედომოსტის“ მოჰყავს ექსპერტების მოსაზრებები, რომელთა თანახმად რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გამოიწვევს წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების მიწოდების შეფერხებას მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს სამედიცინო სფეროში პირდაპირი აკრძალვები არ შემოუღია.
რუსეთის ფარმაცევტული და სამედიცინო ნაწარმის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის სერგელი კოლესნიკოვის განცხადებით, მიწოდების პრობლემა სერიოზული იქნება, რადგან ვალუტის კურსის ფაქტორი მნიშვნელოვნად გააძვირებს უცხოეთიდან შემოსულ პროდუქციას, განსაკუთრებით – იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ამასთან, კოლესნიკოვის თქმით, მთავრობას არ ესმის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ფასების რეგულირება კრიზისის დროს დაუშვებელია, რადგან ამით ადგილობრივი წარმოება მოკვდება.
სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი ერთერთი ქარხნის წარმომადგენელი ვლადიმირ სუპრუნი აცხადებს, რომ გერმანიიდან ვენტილატორები შემოჰქონდათ, ახლა კი ეს პროდუქცია საზღვარზე გააჩერეს და უკან გააბრუნეს.
„ვეძებთ რუსულ ვარიანტებს, გაგვიჭირდება, მაგრამ ვიპოვით გამოსავალს,“ – იმედს არ კარგავს სუპრუნი.
ვალუტის კურსის ცვლილებისა და ლოჯისტიკური პრობლემების გამო მომსახურების ფასები უკვე 10-15%-ით გაზარდეს სტომატოლოგიურმა კლინიკებმა. რუსეთში მოქმედი სტომატოლოგიურ კლინიკებში გამოყენებული მასალების 98% იმპორტირებულია. საუბარია ბჟენების მასალებზე, იმპლანტებზე, სხვადასხვა მოწყობილობაზე.