მთავარი » მსოფლიო » უცხოური ფარმაცევტული კომპანიები რუსეთში ინვესტიციებს და ექსპორტის ნაწილს აჩერებენ – როგორია საკითხის ბიოეთიკური მხარე?

უცხოური ფარმაცევტული კომპანიები რუსეთში ინვესტიციებს და ექსპორტის ნაწილს აჩერებენ – როგორია საკითხის ბიოეთიკური მხარე?

შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Novartis AG-მ რუსეთში ინვესტიციები, მარკეტინგული საქმიანობა და ყველა სამეცნიერო ღონისძიება შეაჩერა. მიზეზი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის მონაცემებით კი კომპანიის სანკტ-პეტერბურგში მოქმედი ქარხანა გააგრძელებს რუსული ბაზრისთვის მედიკამენტების წარმოებას.

ჯანდაცვისა და ბიოეთიკის სფეროს მკვლევარი ანანტ ბჰანი აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანიების ასეთმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა რუსი პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

“მართალია, სასიამოვნოა იმის ყურება, რომ მსხვილი კორპორაციები, მათ შორის ფარმაცევტულ სფეროშიც, აქტიური პოზიციით გამოდიან ომისა და აგრესიის წინააღმდეგ, თუმცა მედიკამენტების, მათ შორის მეორეხარისხოვანი წამლების მიწოდების შეწყვეტისკენ გადადგმულმა ნებისმიერმა ნაბიჯმა შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ რუსეთში პაციენტების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგეს,” – განაცხადა ექსპერტმა.

Novartis International AG არის ტრანსნაციონალური ფარმაცევტული კორპორაცია, რომელმაც სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო მედიკამენტი შექმნა. ეს წამალი ორ წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ერთჯერადი გამოყენებისაა. ინექციის ღირებულება 2,1 მილიონი დოლარია. ესაა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი. მოახდენს თუ არა გავლენას კომპანიის გადაწყვეტილება, რუსეთში მიწოდება შეაჩეროს, აღნიშნული პრეპარატის მიწოდებაზე, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე რუსეთში ინვესტიციებისა და არაძირითადი მედიკამენტების ექსპორტის შეჩერების შესახებ ინსულინისა და ონკოლოგიური პრეპარატების მწარმოებელმა, ამერიკულმა კომპანია Eli Lilly-მ განაცხადა, თუმცა დააზუსტა, რომ გააგრძელებს მედიკამენტების მიწოდებას კიბოთი და დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.

რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა Bayer-მა და Pfizer-მა, თუმცა, პაციენტების ჯანმრთელობის პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, წამლების მიწოდება არ შეუწყვეტიათ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …