თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნამ მედიკამენტების არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა სეგმენტზეც გამოიწვია ცვლილებები. Jandacva.ge აღნიშნული ტენდენციის შესახებ აპრილის დასაწყისში წერდა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თურქეთიდან იმპორტირებული კონკრეტული მედიკამენტის გაიაფების გამო სხვა ქვეყნიდან შემოტანილი, იგივე მწარმოებლის მიერ გამოშვებული ანალოგიური მედიკამენტებიც რიგ შემთხვევებში მკვეთრად გაიაფდა.
ერთერთი ასეთი პრეპარატია „ქსარელტო“, რომლის ღირებულება (28-აბიანი შეფუთვა) თურქეთის ბაზრის გახსნამდე 200 ლარს აღემატებოდა, თურქეთიდან გამარტივებული იმპორტის დაწყების შემდეგ კი თურქული ბაზრიდან შემოტანილი ეს მედიკამენტი მკვეთრად გაიაფდა და მაგალითად 20 მგ-იანი, 28-ტაბლეტიანი შეფუთვის ღირებულება 36 ლარი გახდა. თურქეთიდან შემოტანილი „ქსარელტოს“ გაიაფების კვალდაკვალ ფასი დაეცა ევროპიდან იმპორტირებულ იგივე წამალზე, რომელიც ახლა 59 ლარი ღირს.
რამდენიმე დღის წინ PSP-მ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნამ PSP-ს საშუალება მისცა ევროპელი მომწოდებლებისგან მედიკამენტების შემოსატანი ფასების გაიაფების შეთანხმებისთვის მიეღწია.
„2022 წლის თებერვალში 188-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე თურქეთში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაცია/შემოტანის პროცესი გამარტივდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე, თურქეთის რიგმა მწარმოებლებმა, მოწოდებული მედიკამენტების ფასები 55%-ით შეამცირეს. ასევე, ევროპელმა მწარმოებლებმა გადახედეს საქართველოსთვის მოწოდებულ ფასებს და შეამცირეს ან გაუთანაბრეს მათივე წარმოების თურქეთიდან იმპორტის ფასს. შესაბამისად, მყისიერად აისახა PSP-ს ქსელში მათ ფასებზე; ამ მედიკამენტების ფასები თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების ფასს გაუტოლდა ან უფრო გაიაფდა. ამ ქარხნების რიგ მედიკამენტებზე ფასები 58%-ით შემცირდა (ქსარელტო, ფორქსიგა, პლავიქსი და სხვ.),“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში და მასში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპელი მწარმოებლისგან მედიკამენტების მოწოდებას ხარისხისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად რამდენიმე უპირატესობა აქვს:
– მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე დაცულია შენახვის და ტრანსპორტირების პირობები, რომელც სრულად კონტროლდება და მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი ეს მედიკამენტები გაყიდვაში არ ხვდება მწარმოებელთან შეთანხმების საფუძველზე;
– მწარმოებელთან ერთად დაგეგმილი მუშაობა საშუალებას იძლევა, ბაზარზე დეფიციტები არ შეიქმნას და ეს მედიკამენტები უწყვეტად იყოს ქსელში.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ასეთი პროცესები ლოგიკურია, რადგან მაღალფასიან მედიკამენტებს აღარავინ იყიდის იმ დროს, როცა ბაზარზე არის ბევრად იაფფასიანი იდენტური მედიკამენტი, რომელიც იგივე კომპანიის მიერაა წარმოებული და განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი თურქეთის ბაზრიდანაა შემოტანილი.
აღნიშნული ტენდენცია თურქული ბაზრის გახსნის დადებითი „გვერდითი“ მოვლენაა.