მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ასეთი სისტემა განუვითარებელ ქვეყანაშიც არ არის“ – ჯანდაცვის სამინისტრო ჰოლდინგებთან დაკავშირებით გეგმას ამზადებს

„ასეთი სისტემა განუვითარებელ ქვეყანაშიც არ არის“ – ჯანდაცვის სამინისტრო ჰოლდინგებთან დაკავშირებით გეგმას ამზადებს

საქართველოში არსებული ჰოლდინგური სისტემის ანალოგი, როცა წამლის იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, საცალო მოვაჭრეც, კლინიკაც, სადაზღვევო კომპანიაც და მწარმოებელიც ერთი ჰოლდინგის ქვეშაა, მსოფლიოში არსად არაა, მათ შორის – განუვითარებელ ქვეყნებშიც.

ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა.

„ჰოლდინგური სისტემის ანალოგს, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს, სადაც წამლის იმპორტიორი, დისტიბუტორიც, საცალოდ მოვაჭრე, ასევე კლინიკაც, სადაზღვევო და მწარმოებელი ერთი ჰოლდინგის ქვეშ იყოს – მსგავს მაგალითს ვერ ნახავთ.  ბევრი ვეცადე, რომ რომელიმე თუნდაც განუვითარებელ ქვეყანაში მაინც მენახა.  აქედან გამომდინარეა ბევრი პრობლემა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე ჩვენს რეფორმებს წინ დახვდა,“ – განმარტა მინისტრმა.

რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების ზრდას, ამაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მოხდა ის, რისი მოლოდინიც სამინისტროს ჰქონდა – მკაფიოდ გამოიკვეთა შეთანხმებული მოქმედების შემთხვევები. ამაზე კონკურენციის სააგენტომ მოახდინა რეაგირება და დაიწყო 4 კომპანიის ირგვლივ საკითხის შესწავლა, რასაც შემდგომ კიდევ ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია დაემატა.

მინისტრის განცხადებითვე, სექტემბრამდე მომზადდება მოკვლევის შუალედური შედეგი იმის შესახებ, თუ რა პრობლემა და საფრთხე შეუქმნეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა როგორც მოქალაქეებს, ასევე სახელმწიფოს.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, წლის ბოლომდე ქვეყანას ჰოლდინგებთან დაკავშირებით შესაბამისი სამოქმედო გეგმა ექნება.

“განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოჩნდა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ვინაიდან ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს“,-აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

„ამასთან დაკავშირებით ნამდვილად დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე მზად იქნება. გეგმაში მკაფიოდ იქნება გაწერილი თუ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო და ვთქვა რეალურად რა მოლოდინი მაქვს , რადგანაც ეს სენსიტიური თემაა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …