თურქეთი საკუთარი ჯანდაცვის სერვისების მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციას ცდილობს. ამ მიზნით შეიქმნა პლატფორმა Health Turkiye, რომელიც გამაჯანსაღებელი ტურიზმის ყველა სახეობას აერთიანებს. პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია თურქეთში არსებული სამედიცინო სერვისებისა და მათი ხარისხის შესახებ.
პირველად ბრენდზე Health Turkiye პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბულში გამართულ სამედიცინო კონგრესზე განაცხადა.
სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, პროექტი HealthTurkey ხორციელდება კომპანიის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურებები“ და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით.
ახალი ბრენდი Health Turkiye წარმოდგენილი იქნება ყველა საერთაშორისო სარეკლამო ღონისძიებაზე, რომლებიც სამედიცინო ტურიზმს უკავშირდება.
ყველა ამ კამპანიის მიზანია, თურქეთი გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრად იქცეს, გაიზარდოს ქვეყნის წილი სამედიცინო მომსახურებების გლობალურ ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე 100 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამავე ინიციატივების ფარგლებში შეიქმნა ვებ-პორტალი www.healthturkiye.com.
პორტალზე წარმოდგენილია ინფორმაცია თურქეთში მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაცია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და არაბულ ენებზეა განთავსებული.
საიტზე ასევე არსებობს განყოფილება, რომლის საშუალებითაც მსურველებს შეუძლიათ დაგეგმონ თურქეთში ჩაფრენა და მკურნალობა, ასევე მიიღონ ინფორმაცია ფასების შესახებ. პორტალი თურქეთის ტურიზმის კულტურის აპლიკაციაშია ინტეგრირებული.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მკურნალობის მიზნით თურქეთში ყოველწლიურად მილიონი ადამიანი ჩადის, ამ სფეროდან მიღებული შემოსავლები კი მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ჯანდაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით ბოლო წლებში თურქეთში ქირურგიული ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის ბოლო 5 წელიწადში 60 ათასამდე ქირურგიული ჩარევა ორგანოებისა და ქსოვილის ტრანსპლანტაციაზე მოდის, 500 ათასი – მიკროქირურგიაზე, 200 ათასი – ინვიტრო განაყოფიერებაზე, დაახლოებით 3 მილიონი კი – გულსისხლძარღვოვან სისტემის ოპერაციებზე.