მთავარი » მსოფლიო » „თუ თავად არ წახვალთ, აქედან გაგიტანენ!“ – ხარკოვში მცხოვრები ექიმი კომაროვსკი რუს აგრესორებს მიმართავს

„თუ თავად არ წახვალთ, აქედან გაგიტანენ!“ – ხარკოვში მცხოვრები ექიმი კომაროვსკი რუს აგრესორებს მიმართავს

ხარკოვში მცხოვრები, ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი, რომელსაც პოპულარული პედიატრიული ტელეშოუ მიჰყავს, აცხადებს, რომ მზადაა, სხვა უკრაინელებთან ერთად, პარტიზანულ ომში ჩაერთოს და იბრძოლოს იმდენი ხანი, რამდენიც უკრაინიდან რუსი ოკუპანტების განდევნას და უკრაინის გათავისუფლებას დასჭირდება.

ერთერთი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კომაროვსკი ემოციურად საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა უკრაინაში დიდი სახალხო განმათავისუფლებელი ომი მიმდინარეობს და ის შესაძლოა, დასრულდეს ან უკრაინის გამარჯვებით ან – უკრაინელების სრული განადგურებით, რადგან უკრაინელები ამ აგრესიას არ შეეგუებიან.

„მინდა ეს რუსეთმა გაიგოს, უკრაინაში ახლა სახალხო ომია. დიდი სახალხო განმათავისუფლებელი ომი. ის არ დამთავრდება, რადგან სამხედრო კომისარიატებთან დგას 30 წლამდე ახალგაზრდების კილომეტრიანი რიგები – მათი, ვინც არ იცის რა არის საბჭოთა კავშირი, ვისაც ერთი დღეც არ უცხოვრია რუსეთთან ერთად. მათი ერთადერთ სამშობლო უკრაინაა და სხვა სამშობლო არ სჭირდებათ! რუსეთს უკრაინა პატარა ქვეყანა ჰგონია, მაგრამ გარწმუნებთ, პარტიზანული მოძრაობა, რელსებიდან გადავარდნილი მატარებლები იქნება მანამ, სანამ რუსეთი ჩვენთან იქნება დაუპატიჟებელი სტუმარი! მე მზად ვარ ნებისმიერ ადგილას წავიდე. ყველანი მზად ვართ! ამ ომში რუსეთმა შესაძლოა წააგოს თავისი მომავალი ძალიან ბევრი წლით,“- განაცხადა ექიმმა კომოროვსკიმ.

ის კრემლის იდეოლოგებსაც შეეხო და ერთერთ მათგანზე, ვლადიმირ სოლოვიოვზე ასეთი განცხადება გააკეთა: „იყავი წყეული! წყეული იყოს ის მამაკაცი, ვინც ხელს ჩამოგართმევს და ის ქალი, ვინც შენთან ლოგინს გაიზიარებს! ამას ვამბობ მე, ექიმი, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებს ვმკურნალობ. მე თქვენ მძულხართ! თუ თავად არ წახვალთ, აქედან გაგიტანენ! ბოდიშს ვიხდი ემოციებისთვის მათ წინაშე, ვინც მე მიცნობს.“

ექიმ კომოროვსკის თქმით, ახლა უკრაინას აქვს წმინდა, სახალხო განმათავისუფლებელი ომი, „სადაც ან გავიმარჯვებთ ან მოვკვდებით.“

„მაგრამ ეს მალე ვერ მოხდება – 40 მილიონ ადამიანს ასე მალე ვერ მოკლავთ ბორთვული იარაღის გარეშე. ამიტომ იქნება პარტიზანული ომი. ისინი ყოველდღე კლავენ ქალებს და ბავშვებს. კაცი, რომელსაც არ შეუძლია ბავშვების და ქალების დაცვა, ყველაფერზე წავა. ამ დღეებში თქვენი, რუსეთის და ბელორუსის ხალხების მომავალი წყდება.  თუ თქვენ ახლა ამათ გაიყვანთ, მერე მთელი მსოფლიო დაგვეხმარება ყველას ჩვენ დემოკრატიაში, განვითარებაში, ნათელ მომავალსა და მეგობრობაში, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც ეს ჩაიდინა,“- მიმართა ექიმმა რუს და ბელორუს ხალხს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …