თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე მუშაობა დაიწყო. სამინისტროსთან ერთად რეფორმაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მუშაობს.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში გარემონტდება პოლიკლინიკები და ამბულატორიები, გადამზადდებიან ოჯახის ექიმები და მათი ანაზღაურება გაიზრდება. ეს ღონისძიებები, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პრევენციული მედიცინის განვითარებას, რაც მეტად ხარჯთეფექტურია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე პაციენტებისათვის.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმასა და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრმა, ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ხაბულიანმა.
„მე ისეთი რაიონის მაჟორიტარი ვარ,რომელსაც პირველადი ჯანდაცვის საკითხი და ზოგადად, ჯანდაცვა, ძალიან აინტერესებს და აწუხებს. თუ კი რაიმე გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჯანდაცვის მიმართულება. ადამიანებმა იგრძნეს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რადგან როდესაც მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებებში, კარი დახვდათ ღია.
მათ თავი იგრძვნეს დაცულად. როდესაც გახდნენ ავად, იცოდნენ, რომ პატრონი ყავდათ, სახელმწიფოს სახით.
ოჯახის ექიმის ინსტიტუტით ვსარგებლობ და სიმართლე გითხრათ, ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი კომფორტული იქნებოდა მათი მომსახურება. პირადად არანაირ პრობლემას პირველად რგოლში არ წავწყდომივარ, თუმცა პრობლემები არის ზოგადად.
მაგალითად, კატასტროფის მანქანები გვყავს ცოტა და ხშირ შემთხვევაში ავადმყოფის გადაადგილება ჭირს ცენტრალური საავადმყოფოებისკენ. ამიტომ, სამინისტრო ამას თუ მიაქცევს ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა სერგო ხაბულიანმა.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.