დღეიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ოჯახის და სოფლის ექიმებისთვის კიბოს პრვენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის თემაზე ტრენინგები დაიწყო.
გადამზადების პროცესს ქართველი და ჩეხი ექსპერტები უძღვებოდნენ. მიმდინარე წელს მსგავსი ტრენინგები მოეწყობა როგორც თბილისში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში. ტრენინგები მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაკთა როლის გაძლიერებას კიბოს პრევენციასა და ადრეულ გამოვლენაში, ასევე პალიატიურ მზრუნველობაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მნიშვნელობა, საქართველოში არსებული მდგომარეობა, კიბოსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და ჩეხური გამოცდილებები. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიესალმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ამ ტრენინგის მნიშვნელობაზე ოჯახის ექიმებისთვის და დიდი მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკას მხარდაჭერისთვის.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით („ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება, პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების შესახებ“) გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ონკოპრევენციის ცენტრისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის თანამშრომლობით.