მთავარი » ჯანდაცვა » თბილისის პარკებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოა
თბილისის ჰაერის დაბინძურების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, ხელისუფლებამ გადადო პროექტები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ვითარების გამოსწორებისკენ.

თბილისის პარკებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოა

თბილისის მრავალ უბანში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს – ასეთი შედეგით დასრულდა ეგრედწოდებული ინდიკატორული კვლევა, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა.

კვლევაში საგანგაშო დასკვნებია მოცემული. აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება თბილისის იმ უბნებში, რომლებიც დასასვენებელ ადგილებად მიიჩნევა და უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი იყრის თავს.

კერძოდ, აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიახლოებულია რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ვაკის პარკის და მზიურის ცენტრალურ შესასვლელებთან,  ასევე ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერია განთავსებული და მოსახლეობა დასასვენებლად იყენებს. 

მედიკოსების განმარტებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის არათუ ასეთი მაღალი, საშუალო შემცველობაც კი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საშიში აღმოჩნდეს და ამას  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამტკიცებს.

დადასტურებული ფაქტია, რომ ასეთი კრიტიკული ნიშნულის მთავარი გამომწვევი მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებია.

იმ ფონზე, როდესაც თბილისის ჰაერის დაბინძურების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, ხელისუფლებამ გაურკვეველი დროით გადადო პროექტები, რომელთა განხორციელება პირველი ნაბიჯი იქნებოდა ვითარების გამოსწორებისკენ.

მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, რამაც მანქანების რაოდენობის შეზღუდვა უნდა გამოიწვიოს, მიმდინარე წლის 1 მარტის ნაცვლად მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს. 

მთავრობის ერთერთ ბოლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, წელს არ შევა ძალაში.

ბოლო მონაცემებით, მომავალი წლისთვის გადაიდო ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებაც.

პრობლემად რჩება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის  პრობლემაც – მართალია, სექტემბრიდან იგეგმება ახალი ავტობუსების შემოყვანა, თუმცა მოხდება არა ძველი პარკის ჩანაცვლება, არამედ დამატებითი ხაზების ამოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში მოძრავი, ტექნიკურად სრულიად გაუმართავი ავტობუსების რაოდენობა არ შემცირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ძველი ავტობუსების არც ტექდათვალიერება მოქმედებს და არც მათი გამონაბოლქვის შემცირებაზე არავინ ზრუნავს, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივები ისევ არ ჩანს.

როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოება კიდევ უფრო ამცირებს ამ „არაპოპულარული“ გადაწყვეტილებების მიღებას. „კომერსანტი“ პარლამენტარებს დაუკავშირდა და დაუსვა შეკითხვა: მათ, როგორც კანონმდებლებმა, დააყენეს თუ არა რაიმე ინიციატივა, რაც თბილისში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების შეზღუდვას შეუწყობდა ხელს?

ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ მეჭიაურს დავუკავშირდით. 

– კვლევამ დაადგინა, რომ თბილისის ძალიან ბევრ რაიონში ეკოლოგიის მხრივ  კატასტროფული მდგომარეობაა. თქვენ როგორც დეპუტატს, ამის გათვალისწინებით, არ მიგაჩნიათ, რომ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, რომელიც გადაიდო, იყო სასწრაფოდ მისაღები და მისი გადადება იყო შეცდომა? 

– ვერ გეტყვით. ამ თემას ნაკლებად ვიცნობ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მხრივ უნდა ვიფიქროთ ეკოლოგიაზე, თუმცა,მეორეს მხრივ, ამაზე ისე უნდა ვიფიქროთ, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.

– ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებისთვის ბოლო პერიოდში როგორც პარლამენტარს გადაგიდგამთ რაიმე  ნაბიჯი? 

– ჩვენ ახლახანს კანონი მივიღეთ. საუბარია კანონზე, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილების შემოყვანა გადასახადისგან გათავისუფლდა. ამავე კანონის მიხედვით, ჰიბრიდული ავტომობილები მხოლოდ 50 პროცენტით იბეგრება.

ეს, რა თქმა უნდა, სტიმულს მისცემს ასეთი ავტომობილების შემოყვანას. თუმცა, ეს მყისიერად ვერ მოხდება. ასეთი ნაბიჯებით უნდა მოხდეს თანდათან ჩანაცვლება. ასევე ახლა შემოსული კანონით ასაკზე იქნება გადასახადი. ეს თავისთავად ხელს შეუწყობს პარკის განახლებას. აქედან გამომდინარე, ასე უნდა მოხდეს თანდათანობით, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული.

– როდის უნდა ველოდოთ ქვეყანაში სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებას ? 

– ზუსტად ვადის განსაზღვრა მიჭირს, თუმცა ეს მისაღებია იმ ეტაპების  გავლის შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

– თბილისში რამდენად პრობლემატურია რეკრეაციული ზონის პოვნა. თქვენ, როგორც თბილისის მცხოვრებს, ეს პრობლემა არ გაწუხებთ? 

– რა თქმა უნდა ეს ყველას აწუხებს. ამ თემაში სიფრთხილეა საჭირო, ოქროს შუალედია მოსაძებნი, რადგან მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ  დააწვეს.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის წევრი გია ცაგარეიშვილი: 

– ჩვენ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. ფაქტობრივად, მოვამწიფეთ სიტუაცია იმისთვის, რომ ტექდათვალიერება 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესულიყო. თუმცა, უკანასკნელი წლების მანძილზე მისი ძალაში შესვლის ვადა ისევ შეეწირა პოლიტიკურ სპეკულაციებს და არჩევნების წინა პერიოდს.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გადაედო ტექდათვალიერების აღდგენა, რაც უფრო დაამძიმებს და გაამძაფრებს ეკოლოგიურ სიტუაციას ჰაერის დაბინძურების კუთხით როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.

გარკვეული ნაბიჯები იყო  გადადგმული იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების გამზომელები დამონტაჟებულიყო. დამონტაჟდა კიდეც. თუმცა, ეს მხოლოდ ფონის გაზომვას უწყობს ხელს. ბოლო პერიოდში  სხვა მიმართულებით ფაქტობირვად ნაბიჯები გადადგმული არ არის. არც ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. პირიქით, ეკოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება გამომდინარე იქიდან, რომ ხდება  მწვანე ნარგავების მასობრივი განადგურება. გარდა ამისა, ხდება გაუგებარი მშენებლობები ქალაქის ყველა უბანში. მდგომარეობა მართლაც კრიტიკული და კატასტროფულია.

„ქართული ოცნება“, მერი ნარმანია და მისი ხელქვეითები აბსოლუტურად შეგნებულად მოქმედებენ იქითკენ, რომ თბილისში ყველა პარკი განადგურდეს. ვფიქრობ, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა. აქ მხოლოდ ტექდათვალიერების შემოღება საქმეს არ უშველის, თუმცა, შეამსუბუქებდა სიტუაციას. თუ ჩვენ ახალი პარკების და სკვერების გაშენებაზე არ ვიზრუნეთ, რამდენიმე წელში თბილისში ცხოვრება შეუძლებელი აღმოჩნდება. 

– ამ რეგულაციების შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურია, თუ იმიტომ, რომ არ დამძიმდეს სოციალური ფონი, ამის გამო ხელისუფლება ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს ვერ დგამს? 

– სოციალური ფონის დამძიმება პარკების განადგურებასთან რა კავშირშია? ეს კომპლექსური საკითხია. ჩვენ უალტერნატივოდ მოგვიწევს ტექდათვალიერების აღდგენა. თუ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ ოდესმე საერთოდ. ჩვენ ეს ნაკისრი გვაქვს ვეროკავშირთან გაფორმებული ასოცირებული ხელშეკრულებით. მათ შორისაა, სხვადასხვა ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარება, რომლებიც განახლებად ენერგიის წყაროებზე მუშაობენ და არა ნავთობზე და გაზზე.

ეს ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაა და ეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგალითად ჰოლანდიაში, 2018 წლიდან საერთოდ აიკრძალება ბენზინის და გაზის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა. შედეგად, ისინი თავიდან ბოლომდე გადავლენ სხვა ენერგიების წყაროებზე ავტოტრანსპორტის მიმართულებით. საქართველო ჰოლანდია არ არის,  მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ?

ტექნიკური დათვალიერების გადადება სწორედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე. იმას კი არ ფიქრობენ რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ხანდაზმულები, სასუნთქი გზების ავადდებით ავადდებიან. შემდეგ კი  მათი მკურნალობა ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …