მთავარი » მსოფლიო » თაგვის ნაკბენმა, შესაძლოა კოვიდ 19-ის ახალი აფეთქება გამოიწვიოს – რა მოხდა ტაივანზე

თაგვის ნაკბენმა, შესაძლოა კოვიდ 19-ის ახალი აფეთქება გამოიწვიოს – რა მოხდა ტაივანზე

თაგვის კბენის შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის ახალი აფეთქების მიზეზი გახდეს. ამ თემაზე Bloomberg-ი წერს და აღნიშნავს, რომ ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაივანის ერთერთი, ძლიერად დაცული ლაბორატორიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ეს იყო პირველი შემთხვევა მთელ კუნძულზე, ბოლო თვის განმავლობაში.

ლაბორატორიის თანამშრომელი 20 წლის ქალია, რომელსაც ვირუსთან კონტაქტი თავისი საქმიანობის პროცესში, ტაივანის წამყვან კვლევით ინსტიტუტში, Academia Sinica-ში, ნოემბრის შუა რიცხვებში  ჰქონდა.

ამ თემაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჩენ შიხ-ჩუნგმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ინფიცირებული ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ არ წასულა, ამასთან, ის „მოდერნასვაქცინითაა აცრილი.

იმავე ბრიფინგზე მთავრობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალს ლაბორატორიულმა თაგვმა უკბინა, რომელიც კოვიდით იყო დაინფიცირებული. ამასთან, აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ ფაქტის შესწავლა, რათა გაირკვეს, გახდა თუ არა ნაკბენი ვირუსის გადაცემის წყარო. ტაივანის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ქალი „დელტა“ ვარიანტითაა ინფიცირებული.

პაციენტი გენომური კვლევების ცენტრში მუშაობდა, რომელიც უსაფრთხოების რეიტინგში მეორეა.

ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვა ქმნის საფრთხეს, რომ ტაივანის მიერ კოვიდთან ბრძოლაში დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგი ნულამდე დავიდეს.

ქვეყნის ჯანდაცვის სტრუქტურებმა უკვე გამოავლინეს 94 ადამიანი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ლაბორატორიის თანამშრომელთან მისი დაინფიცირების მომენტიდან. ყველა მათგანი კარანტინშია მოთავსებული.

აღნიშნულ შემთხვევამდე, ტაივანზე კოვიდ 19-ით დაინფიცირების ბოლო შემთხვევა 5 ნოემბერს დაფიქსირდა. საზღვრის მკაცრი კონტროლის პირობებში, მთავრობამ თანდათანობით შეარბილა შეზღუდვები ბიზნესისთვის და ადამიანების ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ტაივანზე კოვიდ 19-ით დაინფიცირების 14500 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 848 ადამიანი.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …