საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თბილისის სხვადასხვა სკოლები მოინახულეს.
მათ შორის N87-ე და N89-ე სკოლები, პირადად გაეცნენ თუ როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გრიპის ვირუსის პრევენციას უკავშირდება, რამდენად სრულფასოვანია სკოლის ექიმის ჩართულობა ამ პროცესში და როგორ ხდება გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი.
თბილისის N87 საჯარო სკოლაში სწავლა არ შეჩერებულა და საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლა იცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება და რასაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
რაც შეეხება თბილისის N89 საჯარო სკოლას, აქ 26 იანვრიდან ვირუსის გავრცელების გამო გაცდენების ზრდის საფუძველზე, სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერებულია.
სკოლაში ამ ეტაპზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საკლასო ოთახები სველი წესით მუშავდება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით მიმდინარეობს და ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება.
ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი 282 სკოლაშია შეწყვეტილი. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების ხელმისაწვდომობა რაიონებში გამოსწორდა და ამ დროისთვის დარჩა 61 სკოლა,სადაც შეჩერებულია სასწავლო პროცესი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში 1 თებერვალს აღდგება.