თბილისში დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელოდებიან – სკანდალურ კვლევასთან დაკავშირებით ქართული მხარე განმარტებებს ითხოვს.
გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან განმარტებებს ელოდება.
ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს – შესაბამისი კვლევა „საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ” გამოაქვეყნა. ანგარიში სახელწოდებით Energy and Air Pollution მიმდინარე წელს არის გამოქვეყნებული, თუმცა, ამ კონკრეტული მიმართულებით 2012 წლის მონაცემებს ასახავს.
კვლევაში მოცემულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას კაცზე, რაც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურების შედეგად.ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შემდეგ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ყოველ 100ათას კაცზე ბულგარეთში ფიქსირდება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი „კომერსანტთან” აცხადებს, რომ გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით 2013 წელს შექმნილი სახელმწიფო პროგრამა აღდგება. განახლდება უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაც, რომელშიც ჩართული იქნებიან ყველა უწყების წარმომადგენელები და შემუშავდება სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ სამინისტრო მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს და იქ, სადაც ცხელი წერტილებია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქტიური, არის გადაჭარბებები, თუმცა აქტიურად მიდის მუშაობა სიტუაციის შესაცვლელად. მეგრელიშვილი ამბობს, რომ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, არსებობს სერიოზული კითხვები და ორშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა დააფიქსირონ რაზე დაყრდნობით მოხდა მონაცემების მიღება.
მეგრელიშვილის განცხადებითვე, საქართველოში ნამდვილად არ არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე ცუდი მდგომაროება. მისივე თქმით, მთავარი დამაბინძურებელი მაინც ავტომობილებია, თუმცა ავტოტრანსპორტის სექტორი კომპლექსურია და მხლოდ ტექდათვალიერება არაა საკმარისი საკითხის მოსაგვარებლად. ამასან, ის ფიქრობს, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება იქნება ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით.