რუსეთის მოსახლეობაში ფსიქოლოგიური პრობლემები მატულობს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ერ ბე კა“ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ერთერთი ასეთი ცენტრის „იასნოს“ მონაცემებით, მარტის პირველ კვირაში მომატებული შფოთვის ჩივილებით მათ ფსიქოლოგებს კლიენტების 68%-მა მიმართა, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. მანამდე კი მთავარ პრობლემებს შორის, რომლითაც მოსახლეობა ფსიქოლოგებს მიმართავდა, ურთიერთობებს შეეხებოდა. იგივე ცენტრში აცხადებენ, რომ გაიზარდა სტრესის შემთხვევები, ასევე მიმართვიანობა ფინანსებისა და ემიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც ფიქსირდება იმ კლიენტების რაოდენობის მატება, რომლებიც პანიკურ შეტევებს უჩივიან.
ყველა დანარჩენმა საკითხმა კი ჩრდილში გადაიწია, მაგალითად ასეთებია ურთიერთობები პარტნიორებთან და მშობლებთან.
კიდევ ერთ კომპანიაში Zigmund.Online-ში აცხადებენ, რომ 10,5%-ით გაიზარდა მიმართვიანობა „გაურკვეველი“ ემოციებისა და უკონტროლო აგრესიის გამო. პარალელურად აქტუალობა დაკარგა პიროვნული განვითარების, „გადაწვისა“ და საკუთარი თავის ძიების საკითხებმა.
Zigmund.Online-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ადამიანებისთვის რთულია მიმდინარე მოვლენებში გარკვევა, რის გამოც მანამდე უცნობ ემოციებს განიცდიან.
კლინიკური ფსიქოლოგისა და ონლაინ-სერვისის YouTalk-ის დამფუძნებლის ანა კრიმსკაიას ინფორმაციით, მარტის დასაწყისიდან მიმართვიანობის მთავარი მიზეზებია უკიდურესად გაზრდილი შფოთვა, შიში და პანიკა – სწორედ ამ სიმპტომებით მიმართავს ბოლო პერიოდში აღნიშნულ სერვისს მომხმარებელთა 90%. 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში „უკრაინაში არსებული სიტუაციის ფონთან“ დაკავშირებული განცდების გამო მიმართვიანობამ YouTalk-ისადმი მიმართვების 25% შეადგინა.
„ბევრს აშინებს სრული გაურკვევლობა, მტკივნეულად განიცდიან ადამიანების დაღუპვას, ადამიანების აგრესიულ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. განაცხადებს შორის ხშირია გამოუვალი სიტუაციის განცდა, მარტოობა,“ – აცხადებენ სერვისის წარმომადგენლები.