მთავარი » ჯანდაცვა » სერგეენკომ ჯი პი აი ჰოლდინგი გააკრიტიკა
წელიწად-ნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის ჯი პი აი - სთანაც სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა დაგვემყარებინა.

სერგეენკომ ჯი პი აი ჰოლდინგი გააკრიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ჯი პი აი ჰოლდინგი“ ვანის საავადმყოფოსთან მიმართებაში ვალდებულებებს არ ასრულებს.

როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, ძალიან მძიმე სანქციები დაეკისრება და მასთან სახელმწიფო პარტნიორულ ურთიერთობას გაწყვეტს.

„სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ რაც მოვახერხეთ, რაღაც მინიმალური კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ ისიც იმიტომ, რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და საკმაოდ რთული ქონებრივი დავებია. ჩვენ წელიწად-ნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის „ჯი პი აი“-სთანაც სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა დაგვემყარებინა.

ჩემთვის მართლა გასაოცარი იყო ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება „ჯი პი აი“-სგან, რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება. როდესაც უბრალოდ შემოგვითვალეს, რომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ვანის მოსახლეობა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გარეშე არ დარჩება და ეს საკითხი წელსვე მოგვარდება.

„პირველი – სიტყვას ვიძლევი, რომ ვანის მისახლეობას არ დავტოვებთ სამედიცინო ინფრასტრუქტურის გარეშე და ამას წელსვე აუცილებლად მოვაგვარებთ. მეორე, ის, რომ მე იმედი მაქვს, „ჯი პი აი“-ს მენეჯმენტს ოდნავ საღი აზრი მაინც აქვს შერჩენილი და საკუთარ თავს და საკუთარ ბიზნესს არ შეუქმნიან საფრთხეს იმითი, რომ საკუთარი სანდოობის და რეპუტაციის შენარჩუნებას საკუთარი ხელით არ გაუთხრიან სამარეს.

ჩვენ ყველა პროექტის მონიტორინგს ვახორციელებთ და იქ თითი თითზე არ არის დადებული. ეს გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, თუ ეს კომპანია სამცვლიან რეჟიმში დაიწყებს ვალდებულების შესრულებას. თუ არა, იმ პირობებს, რაც მოგახსენეთ აუცილებლად დავიცავთ.

მათი მხრიდან ეს საქციელი ცალსახად არის უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი და არაპარტნიორული. ამ საავადმყოფოსთან მიმართებით, თუ არ მოხდა პირველ მაისამდე ინფრასტრუქტურის ჩაბარება, ჩაირთვება ფინანსური სანქციების მზარდი კასკადი. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზარალი მიადგებათ მათ, იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე დაეხარჯებოდათ ამ პროექტისთვის.

მეორე – ჩვენ ასევე, დავკარგავთ სანდო პარტნიორს არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ მთელი ქვეყანა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …