მთავარი » მსოფლიო » სავალდებულო ვაქცინაცია, ლოქდაუნი და შეზღუდვები – რუსეთი COVID 19-ის ახალ ტალღას ებრძვის

სავალდებულო ვაქცინაცია, ლოქდაუნი და შეზღუდვები – რუსეთი COVID 19-ის ახალ ტალღას ებრძვის

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების სტატისტიკა მკვეთრად იზრდება. მოსკოვში ერთ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა. რეგიონებში ახალი შეზღუდვები და ლოქდაუნები ცხადდება.

შექმნილ ვითარებაში რეგიონებში სავალდებულო ვაქცინაციას აწესებენ, რომელიც ეხება ვაჭრობის, კვების, მომსახურების, ტრანსპორტის, ჯანდაცვის და სხვა სფეროებს. 85 რეგიონიდან სავალდებულო ვაქცინაცია უკვე 11-ში მოქმედებს.

28 ივნისიდან მოსკოვში, კვების ობიექტებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც ვაქცინირებულია, ბოლო 6 თვეში  COVID-19 გადაიტანა ან ვისაც კორონავირუსის ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვს ჩატარებული და პასუხი უარყოფითია.

ამ მონაცემებს ხელისუფლება  QR-კოდების საშუალებით შეამოწმებს. კვების ის ობიექტები, რომლებსაც ელექტრონული პროგრამის წაკითხვის საშუალება არ ექნებათ, მხოლოდ გატანის და მიტანის სერვისზე მუშაობას შეძლებენ.

22 ივნისიდან აკრძალულია კონცერტები, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები 500-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. აკრძალვა ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებსაც ეხება.

კლინიკებში გეგმიურ დახმარებას მხოლოდ ვაქცინირებული პაციენტები მიიღებენ. ეს მოთხოვნა არ ეხება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას და შემთხვევებს, როდესაც ვაქცინა ადამიანისთვის უკუნაჩვენებია.

გარდა ამისა, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, თანამშრომლების მინიმუმ ერთი მესამედი, ასევე 65 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებების მქონე და არავაქცინირებული დასაქმებულები დისტანციურად ამუშაონ. კვების ობიექტების მუშაობა აკრძალულია 23:00-დან 6:00 საათამდე. დახურულია ბავშვების გასართობი სივრცეები პარკებში,

ასევე აკრძალულია აკვაპარკების, ატრაქციონებისა და გამოფენების სტუმრობა.

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 18 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, 548 გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …