მთავარი » მსოფლიო » სავალდებულო ვაქცინაცია ექიმებისა და ბავშვებისთვის, აუცრელების ფასიანი მკურნალობა – როგორ ებრძვიან პანდემიას სხვადასხვა ქვეყანაში

სავალდებულო ვაქცინაცია ექიმებისა და ბავშვებისთვის, აუცრელების ფასიანი მკურნალობა – როგორ ებრძვიან პანდემიას სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქვეყანა მიდის გადაწყვეტილებამდე, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო გახდეს.

კოსტა-რიკა გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინაცია სავალდებულოდ გამოაცხადა.

ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მოსახლეობისთვის სავალდებულო ჯერ კიდევ მარტიდანაა. თუმცა დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ 12 წლის ასაკიდან მოქალაქეებზე ვრცელდებოდა.

5 წლიდან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. ამ მიზნით ქვეყნის ხელისუფლება „ფაიზერის“ 3,5 მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს. ნაწილი ბუსტერ-დოზების გაკეთებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში შეერთებულმა შტატებმა „ფაიზერის“ ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. კვლევების დროს პრეპარატმა აღნიშნულ ჯგუფში 91%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბავშვების ვაქცინაცია შტატებში კოვიდ-19-ის გადადებას მომავალი წლის მარტამდე პერიოდში 8%-ით შეამცირებს

ვაქცინა ორ დოზად, 10 მკგ-ის მოცულობით გაკეთდება, რაც მოზარდებისა და ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილი დოზის მესამედია.

სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს რუსეთის ქალაქ პეტერბურგშიც, სადაც 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა მოქალაქეს, მათი სურვილის მიუხედავად აცრიან.

ვაქცინაცია სავალდებულოა პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების 18 წელს გადაცილებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც პრაქტიკის გავლა სასწავლო დაწესებულების მიღმა უწევთ.

მანამდე, რუსეთში სავალდებულო ვაქცინაცია რეგიონების მასშტაბით ამოქმედდა. საუბარია მოქალაქეთა ცალკეულ კატეგორიებზე: ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სექტორზე, განათლების სისტემაზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტსა და სხვა სფეროებზე.

ამასთან, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ადამიანები შეეცდებიან თავი აარიდონ აცრას და ვაქცინაციის ყალბი ცნობები აიღონ.

მან ისიც თქვა, რომ კანონის შესაბამისად, რეგიონულ ხელისუფლებებს აქვთ უფლება, მთავარი ექიმების რეკომენდაციით სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული კატეგორიების მიმართ დააწესონ.

რეგიონების ნაწილში უკვე ამოქმედდა „მწვანე საშვის“ მექანიზმიც.

რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრე გინცბურგის განცხადებით, ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო უნდა იყოს. მისი თქმით, პანდემია ვერ დამთავრდება, თუკი ქვეყნის მოსახლეობის 70-75% აცრილი არ იქნება.

სავალდებულო ვაქცინაცია იმოქმედებს დიდ ბრიტანეთში, სადაც აცრის გაკეთების ვალდებულება სამედიცინო პერსონალს ექნება. არსებული გეგმით, კანონი ძალაში მომავალი წლის აპრილიდან შევა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას გეგმავს უკრაინაც.

კიდევ უფრო შორს წავიდა სინგაპური, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 8 დეკემბრიდან მთავრობა აღარ დააფინანსებს იმ მოქალაქეების მკურნალობას, რომლებმაც ვაქცინაციაზე უარი თქვეს. ესაა პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, დადგენილების თანახმად, 12 წლამდე ბავშვები და ისინი, ვისაც არ შეუძლია ვაქცინის გაკეთება ამა თუ იმ სამედიცინო მიზეზით, სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობას ისევ შეძლებენ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 250 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 5 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …