ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საუკეთესო მოდელს მთავრობა “უახლოეს პერიოდში” შეარჩევს.
საუბარია, თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე, რომლის განახლება მთავრობამ ერთ წელზე მეტი ხნის წინ დააანონსა.
როგორც დღეს მინისტრი აცხადებს, მას ბოლო პერიოდში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
“სახელმწიფოს რეალურად რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი დაწესებულება აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ სწორი ბალანსი შექმნას. ეს სამი დაწესებულება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რესპუბლიკურ საავადმყოფოზე განსაკუთრებით დიდია ინტერესი. მე ბოლო პერიოდში მქონდა რამდენიმე შეხვედრა და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვს საუკეთესო მოდელს შევარჩევთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს დიდი პოტენციალის მქონე კლინიკა რეაბილიტირდეს და ჩადგეს მწყობრში”,- აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტის ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი “ალფამედიკ კონსორციუმი” გახდა.
კომპანიამ გასული წლის თებერვალში წარადგინა კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია.
“ალფამედიკ კონსორციუმმა” მაშინ განაცხადა, რომ თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონამდე ლარის ინვესტირებას გეგმავდა.
საავადმყოფოების რეაბილიტაცია ამ დრომდე დაწყებული არ არის.