მთავარი » ჯანდაცვა » სასურველი იქნება, თუ პრობლემის გაგების შემდგეგ ჯანდაცვის სამინისტრო შემოგვთავაზებს მათი გადაჭრის გზებსაც
მამუკა კაციტაძე: სასურველი იქნება, თუ პრობლემის გაგებისა და ბაზის შექმნის შემდგომ, ჯანდაცვის სამინისტრო შემოგვთავაზებს მათი გადაჭრის გზასაც,

სასურველი იქნება, თუ პრობლემის გაგების შემდგეგ ჯანდაცვის სამინისტრო შემოგვთავაზებს მათი გადაჭრის გზებსაც

22 იანვრიდან დაიწყო გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური ინიციატივა ,,რა გაწუხებთ?“ პროექტი ითალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით.

სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.

Jandacva.ge დაინტერესდა, რა აზრის არიან პოლიტიკოსები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოების დანარჩენი წევრები აღნიშნულ სოციალურ კამპანიასთან დაკავშირებით.

,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ კარგია, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სურვილი და ამ სურვილის რეალიზაციის გზასაც პოულობს, რომ გაიგოს რა აწუხებს მოსახლეობას ჯანდაცვის კუთხით:

,,გნებავთ ერთგვარი ბაზის შესაქმნელად, თუნდაც სტატისტიკური მონაცემებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის საჭიროა გამოკითხვის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება. ძალიან მომწონს ეს ინიციატივა. უბრალოდ, სასურველი იქნება, თუ პრობლემის გაგებისა და ბაზის შექმნის შემდგომ, ჯანდაცვის სამინისტრო შემოგვთავაზებს მათი გადაჭრის გზასაც, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რაც აწუხებს აღარ აწუხებდეს.

შეიძლება ადამიანმა მითხრას რომ რაღაც აწუხებს, მაგრამ მე ვეტყვი, გავიგე, რომ გაწუხებს–მეთქი და იქ დამთავრდეს ეს თემა. რა თქმა უნდა, თავიდან პრობლემა უნდა გაიგო და შეისწავლო, მაგრამ შემდეგ მის მოსაგვარებლად საჭირო არის გადამწყვეტი ზომების გატარება. ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პირველი ნაბიჯი, რომელსაც ლოგიკურად უნდა მოჰყვეს პრობლემის მოხსნის გზების შეთავაზება“– განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომელთა წინაშეც დღეს ჯანდაცვის სამინისტრო და თავად მოსახლეობა დგას. კაციტაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მათი სიძვირიდან გამომდინარე:

,,ერთმნიშვნელოვნად სერიოზული გამოწვევაა მედიკამენტების სიძვირე. გარდა ამისა, საყოველთაო დაზღვევაში არსებულ ხარვეზზე მოგახსენებთ. ძალიან ბევრი რამე ვერ ფინანსდება ამ დაზღვევის ფარგლებში. თითქოს დაწყნარებულია მოქალაქე, რომ ხარჯებს აუნაზღაურებენ, მაგრამ კლინიკებში აღმოჩნდებიან ხოლმე პრობლემის წინაშე.

მაგალითად, ერთი კვირის წინ ჩემს ახლობელს გადაუდებელი პრობლემა შეექმნა. რაღაც პერიოდის განმავლობაში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაეწია დახმარება, მაგრამ შემდეგ უთხრეს, რომ ამოიწურა ფინანსური რესურსი და ან უნდა ენახა კერძო დამფინანსებელი, ან წასულიყო კლინიკიდან. რაიონებშიც ხშირია ასეთი შემთხვევები. მესმის, რომ ბევრი პოზიტიური მხარე აქვს ამ პროგრამას, მაგრამ ხარვეზებიც არსებობს“– განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა. 

სახელმწიფო დაზღვევის საყოველთაოობა მამუკა კაციტაძის აზრით ჩანასახშივე არასწორი მიდგომა იყო. მისი აზრით, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე სხვადასხვა ფინანსური რესურსი უნდა გამოეყოფოდეთ:

,,ადამიანი, რომელსაც აქვს თვეში 10 000, მეორეს – 5000, ხოლო მესამეს – თვეში 400 ლარი. ამ დაზღვევის პირობებში თუ სამივე ერთი და იგივე საჭიროებით მივა კლინიკაში, სახელმწიფო ერთნაირად დაეხმარება. ეს არ არის სწორი. ეს საყოველთაოობა უნდა იყოს სოციალურად დაბალი ფენების მიმართ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ზოგ შემთხვევაში თანხა არამიზნობრივად იხარჯება, ზოგჯერ კი ადამიანებს სჭირდება გადაუდებელ შემთხვევაში დახმარება, და უარს ეუბნებიან სტაციონარში მკურნალობის გაგრძელებაზე.

კარგი იქნება, თუ ნელ–ნელა ჯანდაცვის სამინისტრო არსებული მოდელიდან განსხვავებულზე გადაერთვება“– აღნიშნა კაციტაძემ.

ჯანდაცვის სექტორში არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების გარდა, ,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა უწყების წარმატებულ პროგრამებზეც ისაუბრა:

,,ჩვენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პროგრამაში სერიოზული ადგილი დავუთმეთ C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის პროგრამის შექმნას სახელმწიფოს მხრიდან. ეს ყველაფერი გასულ წელს დაიწყო. მაშინაც აღვნიშნეთ და ახლაც ვამბობ, რომ იშვიათ პოზიტივებს შორის არის ძალიან კარგი, როცა ასეთი ყურადღება მიექცა C ჰეპატიტის მკურნალობას, თანაც ეს იყო ჩვენი პროგრამული თემის რეალიზაცია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან.“

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის ინიციატივის შესახებ. მამუკა კაციტაძე სწორედ ამ ინიციატივის განხორციელებას ურჩევს ჯანდაცვის სამინისტროს და აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსიის შემოღების შემთხვევაში, სოციალური და ჯანდაცვის პრობლემები ქვეყანაში გაცილებით დაიკლებს.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …