საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის ხელშეწყობის მიზნით, დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის, ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ეროვნულ სკრინინგ ცენტრისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები.
მათივე ინფორმაციით, უკვე მეორე წელია, რაც მხარეები თანამშრომლობენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელის დახვეწისათვის, რაც პილოტირების დასრულების და შეფასების შემდეგ მთელ ქვეყანაში გავრცელდება. კიბოს ორგანიზებულ სკრინინგზე გადასვლა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კიბოს სკრინინგის პროგრამის ეფექტურობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად.
მემორანდუმის თანახმად ხელისმომწერი მხარეები შესაბამის პასუხისმგებლობებს იღებენ და მზადყოფნას აცხადებენ ხელი შეუწყონ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის განხორციელებას.
ურთიერთაგების მეომორანდუმის შეთანხმების ძირითადი საკითხებია: საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის წარმატებული პილოტური მოდელის ქვეყნის მასშტაბით განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მისი წარმატებული ინტეგრაციის სტრატეგიების მომზადება; სკრინინგის პილოტურ პროექტებთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პილოტური პროექტების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ტრენინგის ხელშეწყობა; საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროექტების განხორციელების ტექნიკური ხელშეწყობა გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და თბილისში;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის ფონდი, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ადვოკატირების, პოლიტიკის საკითხზე რეკომენდაციების გაცემის და ცოდნის მართვის, ასევე, მომსახურეობის მიწოდების სისტემების გაძლიერების მეშვეობით.
თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა სტრატეგიული და ტექნიკური დახმარების გაწევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის, თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრისათვის „კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამის“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელებაში, კერძოდ, საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტირების და დანერგვის გზით გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და თბილისში.