მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში სიცოცხლისუნარიანობის მომატება საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურებაა
კლინიკა "გულის" მფლობელი, ანზორ მელია "აიპრესთან" საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში გახსნილ კლინიკებზე საუბრობს, რომელთა უმრავლესობა არა თუ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, არამედ პაციენტის სიცოცხლისთვისაც კი საშიშია.

საქართველოში სიცოცხლისუნარიანობის მომატება საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურებაა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების შემდეგ, კლინიკები სარდაფებში, მიწისქვეშეთებში, პროფილაქტიკებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან და საერთოდაც, ვისაც სადაც გაეხარდება იქ, სოკოებივით მომრავლდნენ.

რა რეგულაციებით უნდა ხდებოდეს მათი კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და რატომ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც ელემენტარულ ხარისხსაც კი ვერ აკმაყოფილებენ? ჯანდაცვის სამინისტროს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

უწყება კომენტარს არ აკეთებს.მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, სამაგიეროდ, ხმამაღლა საუბრობენ ამ პრობლემაზე გამოჩენილი ექიმები და წამყვანი კლინიკის მფლობელები. თითოეული მათგანი „აიპრესთან“ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ „გარაჟებში“ გახსნილ კლინიკებში პაციენტების მიღება კანონით უნდა აიკრძალოს.

კლინიკა “გულის” მფლობელი, ანზორ მელია “აიპრესთან” საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში გახსნილ კლინიკებზე საუბრობს, რომელთა უმრავლესობა არა თუ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, არამედ პაციენტის სიცოცხლისთვისაც კი საშიშია.

მელიას განმარტებით, გაიხსნა ძალიან ბევრი ემერჯენსი და რეანიმაცია, რეალურად კი ქვეყანაში მათი ასეთი სიმრავლის არსებობის აუცილებლობა არ არის.

„გულის“ მფლობელი აცხადებს, რომ კლინიკები ზოგჯერ “პადვლებში”, სადარბაზოებში და ბაზრებშიც კია გახსნილი.  

ანზორ მელია განმარტავს, რომ ასეთი არაკეთილსინდისიერი კლინიკების უკან პარლამენტარები, ბიზნესმენები და სამინიტროების წარმომადგენლები არიან, რომელთა ორიენტირი “ფულის გაკეთებაა”.

“უხეშად რომ ვთქვათ, როგორც წვიმის შემდეგ ტყეში სოკოები მრავლდებიან, ისე გამრავლდა ეს საავადმყოფოებიც. ხსნიან პადვლებში, სადარბაზოებში. ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი კლინიკა გაიხსნა, რომლებიც მხოლოდ ფულის გაკეთებაზე არიან ორიენტირებული.

პირდაპირ მივმართე დიმიტრი ხუნდაძეს, სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმს, მცხეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, რომელთაც მანკიერი წრე შექმნეს და მედიცინა ბიზნესის დარგად აქციეს. დავასახელე ეს საავადმყოფოც, რომელიც სარდაფშია გახსნილი და სასწრაფო დახმარებას, როდესაც ბუთხუზი იყო სასწრაფოს მთავარი ექიმი და ეს საავადმყოფო, ფართი 1000 კვადრატული იქირავა მეტრეველმა, მცხეთის საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა და ავადმყოფები ახლად გახსნილ კლინიკაში დავალება ჰქონდათ, რომ დღეში 70-ზე ნაკლები არ უნდა მიეყვანათ.

დღესაც ფუნქციონირებს ეს საავადმყოფო. მინისტრსაც მივწერე. ვუთხარი, რომ ამ პადვალში, სადაც არის ემერჯენსი, რეანიმაცია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია და კიდევ კარდიოლოგია. ულიცენზიოდ აკეთებდნენ კორონოგრაფიებს. მინისტრმა დაავალა შესაბამის ორგანოებს და დააჯარიმეს 10 ათასი ლარით.

მერე რა მოხდა? მეორე დღიდანვე ისევ აგრძელებენ საქმიანობას. რომ დავრეკე სამინისტროში და ვკითხე რატომ, მათ მითხრეს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ მისცა უფლება კორონოგრაფის აპარატის დაყენებისო. პადვალში არ შეიძლება ეს დასხივება.

როგორ შეიძლება, რომ ახლად გახსნილ კლინიკას ვეებერთელა შემოსავალი ჰქონდეს? პირდაპირ ვთქვი, რომ ფულის გათეთრება მიდიოდა. საავადმყოფოები იმიტომ კი არ იხსნება, რომ ავტორიტეტი აქვთ, პაციენტები მიდიან, სასწრაფოებს მიჰყავდათ სპეციალურად. ბუთხუზს ვუთხარი, რომ თქვენ საქართველოში მაქინაციური სქემის დამაარსებელი ხართ-მეთქი. მოსპო ტერიტორიული პრინციპი და ავადმყოფის მიყვანის რიგითობა. მიჰყავდათ მხოლოდ ერთ კლინიკაში”,- აღნიშნა მელიამ.

მისივე განმარტებით, სასწრაფომ კლინიკა “გულში” პაციენტების მიყვანა ბოლო სამი კვირაა დაიწყო. ანზორ მელიას განცხადებით, მის კლინიკაში ავადმყოფები მანამდე განზრახ არ მიჰყავდათ.

“მე ინტენსიური თერაპიის პალატა საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მაქვს. ასეთი პალატები ჩემთან საწოლი ღირს 140, როდესაც სხვებთან 300,600,700. აი, მხოლოდ ასეთ კლინიკებში მიჰყავდათ სასწრაფოებს ავადმყოფები და ჩემთან არ მოჰყავდათ. ბოლო სამი კვირაა, რაც ჩემთან დაიწყო სასწრაფომ ავადმყოფების მოყვანა.

მივედი სამინისტროში და ვუთხარი, რომ მინუსებში მივდივარ ამ 140 ლარით-თქო. მაშინ ერთადერთი ზოგადი რეანიმაცია უნდა გააკეთოო. ზოგად რეანიმაციას სჭირდებოდა ხელოვნური სუნთქვის აპარატურა, ვინტილაცია, სპეციალური ჰაერი. ეს გავიგე ყველა ხარჯი და საკითხი დადგა ექიმი რეანიმატოლოგების მიღებაზე. აღმოჩნდა საოცრება, რომ ექიმი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად, არ არის ფიზიკურად ამდენი, რამდენიც რეანიმაციებია გახსნილი.

ექიმი რეანიმატოლოგი ერთი დღეს რომ მორიგეობს, მინიმუმ ორი დღე მაინც უნდა დაისვენოს. ესენი აბამენ, სხვადასხვა კლინიკებში დარბიან. იმდენი მომთხოვეს ხელფასი. მე რომ მარტო ხელფასი და წამალი გამესტუმრებინა 90 ავადმყოფი მინდოდა თვეში. ამიტომ უარი ვთქვი. ამდენი ემერჯენსია გახსნილი ყველგან, მეტროს თავზე, ბაზრობაზე. ამიტომ გავჩერდი, მე მათ ვერ შევებრძოლებოდი.

ახლა ნამდვილად მოჰყავთ ჩემთანაც. ავადმყოფებიც ითხოვენ, ალბათ და წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სასწრაფოს ექიმებს როდესაც არ მოჰყავდათ ავადმყოფები, მათი ახლობელი რომ ხდებოდა ავად ჩვენთან მოჰყავდათ. დავალება ჰქონდათ ზემოდან. ხელი დავადე მეტრეველს, ბუთხუზს და ხუნდაძეს, რომ ეს არის კორუფციული წრე.

ახლა ბატონი ზოიძე როგორც კი დანიშნეს, გულზე მომეშვა იმიტომ, რომ იმას, რაზეც მე ვლაპარაკობდი ბატონმა ზოიძემ დაწერა, რომ არ შეიძლება სადარბაზოებში და გარაჟებში იყოს საავადმყოფოებიო, უნდა შემოწმდესო. მე მივწერე, რომ ძლივს ვეღირსეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს ჯანდაცვის კომიტეტში-თქო”,- აღნიშნავს “გულის” მფლობელი.

-გარდა იმისა, რომ ჩატარდეს აქტიური მონიტორინგი, გამოსავალს რაში ხედავთ? თავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხომ არ უნდა შემცირდეს? 

“ყველაზე დიდი გამოსავალი ის არის, რომ ამდენი ემერჯენსი საჭირო არ არის. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ უმრავლესობა არა პატიოსნად მუშაობს. მედიცინა არ არის ბიზნესის დარგი და ამათ აქციეს ბიზნესის დარგად. არ შეიძლება ავადმყოფს, რომელსაც არ სჭირდება მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, ჩათხარო ის მილი, ჩართო და სანამ იმ 15 ათასს არ ამოწურავ, მანამდე არ გამორთავ აპარატიდან. ამას აკეთებენ.

მე ხელს ვადებ ჩემს საავადმყოფოში, სარდაფში გახსნილ კლინიკას, სადაც ყოველდღიურად 70-80 ავადმყოფი მოჰყავთ. შეამოწმონ, ნახონ. მეც შემამოწმონ. ყველაფერი ნახონ. ნახონ სხვაობა.

საყოველთაო პროგრამამ ძალიან დიდი შვება მოგვცა არა მარტო მოსახლეობას, არამედ ჩვენ ექიმებსაც. როდესაც წინა მთავრობის დროს საყოველთაო პროგრამა არ იყო, მაგალითად, შემოდიოდა უეცრად ინფარქტით ადამიანი, რომელსაც ფული არ ჰქონდა, ჩვენც შავ დღეში ვვარდებოდით. უფულოდ ვერ გავუკეთებდით ძვირადღირებულ გამოკვლევებს, მაგრამ სახლშიც ვერ ვუშვებდით და ამ პატრონებთან ერთად ჩვენც განვიცდიდით. სიკვდილიანობა იყო მაღალი. საქართველოში სიცოცხლისუნარიანობის მომატება გააკეთა იმ დროულმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ.

მე კლინიკა 21 წლის წინ რომ გავხსენი, მაშინ არც ვიცოდი, რას ვაკეთებდი. იძულებული ვიყავი, რომ გამეხსნა. ახლა კლინიკა რომ გახსნა მილიარდელი უნდა იყო. რაც იხსნება, ყველა ბოლო დროს არცერთი არ არის იმ ექიმების საკუთრება. ზურგს უკან დგანან ან მინისტრის მოადგილეები, ოღონდ ჯანდაცვის სამინისტროზე არ მაქვს საუბარი, სხვა სამინისტროებზე ვამბობ, პარლამენტარები, ბიზნესმენები.

ექიმს დღეს, რაც არ უნდა სახელოვანი იყოს და დიდი პრაქტიკა ჰქონდეს, ვერ გახსნის კერძო კლინიკას. გამოიკვლიოს სამინისტრომ. მე მაგათი მტერი არ ვრამ კეთილმოსურნე ვარ. რაც გააკეთეს საყოველთაო ამასაც კარგი პიარი უნდა. ის კი არა, რომ მელია დასაჯო და 2-3 თვე ავადმყოფი არ მიიყვანო იმიტომ, რომ პირში ვუთხარი სიმართლე.

როგორც მომივიდა ინფორმაცია, ამოწმებენ ახლა და ბევრ კლინიკას ანულირება გაუკეთეს, ვიცი ასეთი რაღაცები. ეს უფრო მასიურ ხასიათს მიიღებს.

სახელმწიფო სუფთად მომუშავე კლინიკებს უნდა დაგვეხმარონ. მხოლოდ იმაში, რომ ხელი არ შეგვიშალონ. მეტი არაფერი.  

ძალიან დეტალურად არის შესასწავლი რატომ ხსნიან ამდენ ემერჯენსის, რეანიმაციას. სად არის ამდენი ექიმი რეანიმატოლოგი. ღამის საათებში შეამოწმონ საავადმყოფოები და ნახონ. ექიმი გაფორმებულია რეანიმატოლოგი, მაგრამ მორიგეობს სულ სხვა და ა.შ”,- აცხადებს ანზორ მელია.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …