საქართველოში ინფექციური ტრანსმისიური დაავადება დენგე დაფისირდა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული ვირუსის დიაგნოზით ინდოეთის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული.
ოთხივე მათგანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ისინი ენგურჰესზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მოტაჟს ახორციელებდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტეპერატურით, ძლიერი თავის ტკივილებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით შეიყვანეს.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული ანალიზები და შესაბამისი სინჯები დედაქალაქში გადმოაგზავნეს, ლუგარის ინსტიტუტში კი ოთხივე პაციენტს დენგეს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
ეს ინფორმაცია “ნიუპოსტს” ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ დაუდასტურა.
გარდა ამისა ადგილზე მივიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნანა ოდიშარია.
მისი თქმით, საქართველოში ეს ვირუსი პირველად დაფიქსირდა.
,,ნიუპოსტი” ინფორმაციის გადამოწმებისთვი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს ესაუბრა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მისი ინფორმაციით, ვირუსი ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა დაავადებულთა რაოდენობა არა ოთხი არამედ ერთია.
რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ კომენტარს, როგორც ცენტრში ,,ნიუპოსტს” განუცხადეს, ისინი განმარტებას უახლოეს საათებში გააკეთებენ.
დენგე ინფექციური ტრანსმისიური დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოებია. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და ჩასული არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
დენგე – სიმპტომები
დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 0 C- 41 0 C – მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით. სახე ჰიპერემიული, შეშუპებულია, შესაძლებელია ზოგადი ერითემის განვითარება, თვალის სკლერების სისხლძარღვები ინიცირებულია, დენგეს დროს ასევე აღინიშნება პერიფერიული ლიმური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიისშემდეგ კი ვითარდება ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე.
კლასიკური დენგეს ცხელების დროს კუნთებში, ზურგსა და თეძოების მიდამოში ტკივილების გამო შეზღუდულია მოძრაობა, სიარულის მანერა ხდება არაბუნებრივი, ავადმყოფი საწოლში გაჭიმულ მდგომარეობაშია. მეორე ტალღის პერიოდში იდაყვისა და მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირებზე, სახის კანზე, კისრის მიდამოში, მკერდზე, მუცელზე ჩნდება უხვი მქავანა მაკულო – პაპულოზური გამონაყარი შემდგომი აქერცვლით. რეკონვალესცენციის პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირა.
დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს ხშირად აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება სისხლნარევი მასებით, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემორაგიული გამონაყარი, ქვეითდება არტერიული წნევა.
დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით,პნევმონიით, ოტიტით, თრომბოფლებიტით, ორქიტითა და პაროტიტით. დენგესგადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპოსპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში.
დენგე – დიაგნოსტირება
დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე და ეპიდემიოლოგიურანამნეზურ მონაცემებზე დაყრდნობით, საბოლოოდ კი დასტურდება შრატში სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის მომატებით და ნეიტრალიზაციის რეაქციით.
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ფლებოტომურ ცხელებასთან, ყვითელი ცხელებასთან, მალარიასთან, სხვა ჰემორაგიულ ცხელებებთან, მენინგოკოკურ ინფექციებთან, იშვიათად ქუნთრუშასთან, წითურასთან, წითელასთან.
დენგე – მკურნალობა და პროფილაქტიკა
დენგეს სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებითდენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, ტარდება ინფუზური თერაპია, ინიშნება კორტიკოსტეროიდები, ნაჩვენებია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ვიტამინოთერაპია, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ცილებით მდიდარი დიეტა.
დენგეს კლასიკური ფორმის დროს შემთხვევათა უმეტესობაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა, ჰემორაგიული ცხელებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც პაციენტთა დაახლოებით 40%-ში მე-3-7 დღეს ვითარდება შოკი.
დენგეს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებას,რეპელენტებისა და დამცავი ბადეების გამოყენებას.