საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს იმ კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების კუთხით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
„ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება , რომელიც წლების წინ იქნა მიღებული საქართველოში ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი გადაწყვტილება იყო . იმის მაგიერ, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ის რეგულაციები, რომელიც არსებობდა ამ კუთხით და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა , რომ არ ჰქონოდა ამას მახინჯი ფორმა და მართლაც ჰქონდა ამას მახინჯი ფორმა წარსულში , ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება . მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა აუცილებლად აღვადგინოთ ტექნიკური დათვალიერება, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობას აქვს გეგმები, რომ მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები.
„რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და იყოს ხელმისაწვდომი, რაც ყველაზე მთავარია. დღეს, ჩვენი ბავშვები ავადდებიან და ბავშთა ასაკში არის სიმსივნის მაჩვენებელი ძალიან მაღალი საქართველოში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.