რეგიონული შეხვედრის „გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გლობალური ფონდიდან კი, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბაიბლმა მოაწერეს.
შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ შემოღებულ დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთაშორისო დაფინანსებიდან, ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გზები და დაიწყონ შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომელიც შემდგომ 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დონორულ და ეროვნულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ დეტალებს.
როგორც მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, აღნიშნულ ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი შემდეგი 2 წლის სამოქმედო გეგმა.
„ფონდი ტოვებს საქართველოს და ამოცანა არის, რომ მიმდინარე პროექტების უწყვეტობა და მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ეს არის მთავარი ამოცანა. ფონდი გადის საქართველოდან იმიტომ, რომ დარწმუნდა, ქვეყანას შეუძლია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების დამოუკიდებლად მართვა და იმისთვის, რომ ეს მოხდეს, სწორედ უნდა განისაზღვროს გარდამავალი პერიოდი. ჩვენ ახლახანს მოვაწერეთ ხელი ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, სადაც დეტალურად არის გაწერილი შემდეგი 2 წლის გეგმა“, – განაცხადა სერგეენკომ.
რეგიონულ შეხვედრაში „გზა წარმატებისკენ“, რომელიც ხვალ დაიხურება, საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები.