საქართველოს მთავრობამ, თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს. ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.
„აქ არის საწყობები, რომელიც სავსეა ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებით. მიწისძვრით დაზარალებულ ტერიტორიებზე, ახლა კვლავ ზამთრის პირობებია, ამიტომაც ჩვენ გვჭირდება თბილი ტანსაცმელი, გამათბობლები, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები. ამ ყველაფერს, უხვად გვაწვდის თქვენი ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველომ, მიწისძვრის პირველივე დღეებში, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი გაგზავნა თურქეთში. ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია. ეს ჰუმანიტარული დახმარება, არის ერთი მილიონი ლარის ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განკარგულებით გამოყო. ჩვენ მადლიერები ვართ, ასეთი დიდძალი დახმარებისთვის საქართველოს მთავრობის, ასევე ქართველი ხალხის, ჩვენი ქართველი დებისა და ძმების. მინდა ვთქვა – დიდი მადლობა საქართველო!“ – განაცხადა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ.