„მე ძალიან მოხარული და აღფრთოვანებული ვარ იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.
მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველო განხორციელებული რეფორმებით მაგალითი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, განსკუთრებით ეს ეხება ორ მიმართულებას, ესენია: საყოველთაო ჯანდაცვა – სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა “
– განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჟუჟანა იაკობმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მან ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე აჭარაში, დავით სერგეენკოსთან ერთად სამედიცინო საზოგადეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ევროპის რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოში ძალიან დიდი ცვლილება მოახდინეთ ჯანდაცვის სფეროში და მიხარია, რომ ამის აღნიშვნა ხშირად მიწევს. გასულ წლებთან შედარებით 2014-2015 წლებში მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ ნაწილს აქვს სრული ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელსაც აკეთებთ პრევენციაში, ჯანდაცვასა და ეკონომიკაში, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობის სუსტი სტატუსი არის დიდი ტვირთი და უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მზად არის, ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკას, სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის სრულ მოცვას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრად განვითარებას.
გარდა ამისა, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს და დავეხმარებით საქართველოს მთავრობას ჯანმრთელობის ისეთი დეტერმინანტების განვითარებაში, როგორიცაა: გარემოს დეტერმინანტები, ცხოვრების ჯანსაღი წესის ორგანიზება, თამბაქოს მოხმარების შემცირება, ჭარბი წონის მართვა, ფიზიკური აქტივობის და სხვა სოციალური დეტერმინანტების განვითარება.
ასევე, მინდა შევეხო C ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც სრულიად უნიკალურია ევროპის რეგიონში. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერობს განვითარების მიმართულებით“ – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა, ჟუჟანა იაკობმა.
ჟუჟანა იაკობი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის პოზიციას ევროპის რეგიონში 2010 წლიდან იკავებს. იგი ევროპის წევრ რეგიონებს აქტიურად ეხმარება ჯანდაცვის პოლიტიკის სწორად წარმართვასა და დაგეგმვაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამდე ჟუჟანა იაკობი ევროკავშირის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის (ECDC) დამფუძნებელ დირექტორად მუშაობდა. ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორობის პერიოდში, იგი 51 წევრ ქვეყანას უწევდა კოორდინირებას ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით.