საპარტნიორო ფონდი ონკოლოგიურის, რესპუბლიკურის და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვა, ფლობასა და ოპერირებაზე ინვესტორებს იწვევს.
თბილისში სამი საავადმყოფოს ოპერირებასა და განვითარებისთვის წინასაკვალიფიკაციო შერჩევა ცხადდება. აღნიშნული სამი საავადმყოფოა: ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური).
სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად სამივე საავადმყოფო გაერთიანებული სამეფოს სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს მოწყობილი, რაც გულისხმობს მომსახურებას, ოპერირებას, მაღალი ხარისხის სამედიცინო დანადგარებისა და ტექნოლოგიების დანერგვას.
გაერთიანებული სამეფოს მოდელის მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება მოახდინოს კადრების გადამზადება. პირობების მიხედვით, კონსორციუმი ვალდებულია PPP-ს პრონციპით, (Public-private, partnership) სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა, ოპერირება.
დაინტერესებულმა კონსორციუმებმა განაცხადი 2 ოქტომბრის 12 საათამდე უნდა წარადგინონ. წინასაკვალიფიკაციო შერჩევის შემდეგ დაინტერესებული კონსორციუმები მონაწილეობას ტენდერში მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოყო. რაც შეეხება ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს და ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტრო მათ ოპერირებაზე ტენდერის გამოცხადებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა. მაშინ სამინისტროში განმარტავდნენ, რომ საუბარი იყო არა სრულ გაყიდვაზე, არამედ კლინიკების კერძო სექტორთან ერთად ფლობაზე.