ორი დღე-ღამის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში განთავსებული, ოთხი საოჯახო მედიცინის ცენტრი 1200 ვირუსულ პაციენტს მოემსახურა.
აღნიშნული განცხადება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრში სტუმრობისას გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრებში, ვირუსულ პაციენტთა მიმართვიანობის შესახებ ზოგადი სტატისტიკაც წარმოადგინა.
როგორც ცნობილია, ვირუსულ პაციენტთა ავადობა გასულ დღეებთან შედარებით რამდენიმე ერთეულითაა გაზრდილი. თუ აქამდე ავადობის საშუალო მაჩვენებელი 100.000 მოქალაქეზე 250-ს შეადგენდა, ახლა ეს რიცხვი 270-მდეა გაზრდილი.
რაც შეეხება საოჯახო მედიცინის ცენტრების მიერ ვირუსულ პაციენტთა მომსახურებას, ორი დღე-ღამის განმავლობაში, 112-მა ქალაქის სხვადასხვა წერტილში განთავსებულ ოთხ საოჯახო მედიცინის ცენტრში სამედიცინო მომსახურებისთვის 1200 ვირუსული პაციენტი გადაამისამართა. ამათგან 800-ზე მეტს ამბულატორული მომსახურება გაეწია, 100-მდე პაციენტთან ადგილზე მივიდა ოჯახის ექიმი, ხოლო დანარჩენ ვირუსულ პაციენტებს ოჯახის ექიმებმა სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მადლობას უხდის საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრებს (“საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი”- მის:წინამძღვრიშვილის ქ.57; კლინიკა “მედსი”- მის: ქიაჩელის ქ.N18; თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო – მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29; კლინიკა “მედკაპიტალი”-მის: გლდანი, ვეკუას ქ.N18) და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს, ორგანიზებული მუშაობისთვის.