მთავარი » სოციალური » შრომა » სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე
შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოვლინებას, მათ შორის დასაქმების სფეროშიც.

პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში და ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

“აიპრესი” დაინტერესდა რამდენად გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობა და სამინისტროებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

აღმოჩნდა, რომ შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული, თუმცა, რამდენად აქვს ამ ჯგუფს პროფესიული წინსვლის საშუალება, ეს ცალკე საკითხია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენცია, რომელზეც საქართველოსაც აქვს ხელი მოწერილი, შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას და სამსახურეობრივი წინსვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს, მათ შორის დასაქმებას საჯარო სექტორში.

“აიპრესის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 78 პირიდან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მხოლოდ ორია დასაქმებული.

სხვა უწყებებთან შედარებით სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა ფინანსთა სამინისტრო (22 პირი), შსს (15), თავდაცვის სამინისტრო (9), ჯანდაცვის სამინისტრო (9). ხელმძღვანელ თანამდებობაზე შშმ პირები დასაქმებული ჰყავს თავდაცვის სამინისტროსა და შსსს-ს.

აღნიშნულ ინფორმაციას ქვემოთ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ.

1. იუსტიციის სამინისტრო- ცენტრალური აპარატი- 2 შშმ პირი, მრჩევლების თანამდებობაზე.

2. საქართველოს მთავარი პროკურატურა- შშმ პირები არ არიან დასაქმებულნი.

3. ლტოლვილთა სამინისტრო-სსიპ. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო- 1 შშმ პირი, საველე ოფიცრის თანამდებობაზე.

4. ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი- არ არიან დასაქმებულნი შშმ პირები.

5. ჯანდაცვის სამინისტრო-ცენტრალურ აპარატში სულ დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 პირი, აქედან არც ერთი არ არის ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

სსიპ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო- 1 პირი, არა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი-დასაქმებულია 2 პირი არა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

სსიპ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში 2 პირია დასაქმებული, მათგან არც ერთი არ არის ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

6. სოფლის მეურნეობის სამინისტრო- ცენტრალურ აპარატში შშმ პირები დასაქმებულნი არ არიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. -სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო-1 პირი.

სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო- 1 პირი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტის თანამდებობაზე.

შპს. საქართველოს მელიორაცია- 5 პირი რიგით თანამდებობაზე.

7. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი- არ არიან დასაქმებულნი შშმ პირები.

8. თავდაცვის სამინისტრო- შეიარაღებული ძალები- 7 სამოქალაქო პირი.

სამინისტროს სამოქალაქო ოფისში -2 პირი, მათგან 1 იკავებს იკავებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

9. შსს- შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში (მათ შორის საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში) დასაქმებულია 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აქედან 1 ხელმძღვანელ პოზიციაზე.

10. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში- დასაქმებულია 22 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მათგან არც ერთი არ მუშაობს ხელმძღვანელ პოზიციაზე.

11. ეკონომიკის სამინისტრო- სამინისტროსთვის, მათთან დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობაზე ინფორმაცია უცნობია.

“თქვენი განცხადების (No8462/11 04.07.2017) პასუხად სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაცნობებთ, რომ “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ხოლო ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის No1/ნ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქმედუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით დგინდება ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმეორებით გაცნობებთ, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითხოვს სამსახურში მიღებისას და გავლისას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაიმე ტიპის ცნობის წარმოდგენას, მათ შორის, არც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნას, რის გამოც ჩვენთვის უცნობია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა”,-აღნიშნულია უწყების მიერ “აიპრესისთვის” გამოგზავნილ პასუხში.

სამინისტროს ცენტრალური აპარატისგან განსხვავებით, ინფორმაცია მათთან დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობის შესახებ აქვთ სამინისტროს სსიპებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტროში შემავალი 10 სსიპ-დან მხოლოდ ერთს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმებული:

სსიპ. საზღავო ტრანსპორტის სააგენტო- 1 შშმ პირი, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

12. საგარეო საქმეთა სამინისტრო (საქვეუწყებო დაწესებულებები)- არ არიან დასაქმებულნი შშმ პირები.

13. განათლების სამინისტრო- დასაქმებულია 1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არა მენეჯერულ პოზიციაზე.

14. კულტურის სამინისტრო- ცენტრალურ აპარატში შშმ პირები დასაქმებულნი არ არიან.

სამინისტროს სსიპ ი. ბ. “სტალინის სახელმწიფო მუზეუმი”- 1 პირი.

სსიპ “ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი”-1 პირი

სსიპ – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი”-3 პირი

სსიპ – “ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი”- 1პირი

სსიპ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო”-2 პირი

15. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ არიან დასაქმებულნი.

16. სპორტის სამინისტრო- შშმ პირები დასაქმებულნი არ არიან. ხოლო სამინისტროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებიდან შშმ პირები მხოლოდ ორშია დასაქმებული:

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში 2 პირია დასაქმებული, მათგან არც ერთი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დასაქმებულია 1 პირი.

სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. ამავე ანგარიშში არაეფექტურად შეფასდა სახელმწიფოს მიერ შშმ პირთა დასაქმების კუთხით გატარებული ღონისძიებები, რაზეც მეტყველებს დასაქმებულთა დაბალი რაოდენობა.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა შეადგენდა 52–ს. კერძო სექტორში კი, მხოლოდ 32–ს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

"ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმი" - დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, 18 საათზე, რკინიგზის დეპარტამენტთან, მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი …