მთავარი » სოციალური » შრომა » დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება
"ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მექანიზმი" - დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს მოშიმშილე რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, 18 საათზე, რკინიგზის დეპარტამენტთან, მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა მათთვის სამუშაო ადგილის შეცვლას შიმშილობით აპროტესტებენ და თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ისინი სამუშაოდ მარნეულში გადაიყვანეს.

მოშიმშილეების განმარტებით, მათი ყოველდღიური ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ  ერთ-ერთი მოშიმშილე, 52 წლის ვახტანგ ცისკარიშვილი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს.

დღეს  მოშიმშილეებს კიდევ ერთი რკინიგზელი, გურამ ბიბილაშვილი შემოუერთდა. ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ის პირველ აგვისტოს უკანონოდ, ყოველგვარი ახსნისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა აცხადებს, გუშინ შუადღისკენ რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია შეხვდა აქციის მონაწილეებს, თუმცა შეთანხმება მაინც ვერ მოხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკითხის სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა, რისი სრულად გამოყენების რესურსიც დასაქმებულებს პროფკავშირმა უკვე შესთავაზა, რკინიგზელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აღნიშნული უსამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლის მოთხოვნით დაიწყონ შიმშილობა!

გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის სხვა მექანიზმი, გარდა სასამართლო უწყებებისა, რომელის განხილვაც თავის მხრივ წლობით იწელება და ამ ხნის მანძილზე არსებობს საფრთხე, უხელფასოდ დარჩენილ რკინიგზელების ოჯახი უკიდურეს სიღარიბემდე მივიდეს, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულად მხარს უჭერს და უერთდება მუშების რადიკალურ პროტესტის ფორმებს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს მათი მოთხოვნა!

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სამუშაო ადგილი ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში არსებით პირობად განისაზღვრება. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით – ,, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით “, – ნათქვამია სოლიდარობის აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ghn.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …