თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მედიკოს სტუდენტთა ევროპის ასოციაციის საგაზაფხულო ასამბლეას (EMSA S/A 2016) უმასპინძლა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების ორგანიზატორი EMSA-თბილისი, ხოლო მასპინძელი და მხარდამჭერი თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ქ.თბილისი მერია იყო.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვია 94 სტუმარი 21 ქვეყნიდან, მათ შორის აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი იანის პაპასოღლუ, ვიცე-პრეზიდენტი საფა ცანცი, ევროპული ქვეყნების EMSA-ს ნაციონალური და ლოკალური კოორდინატორები. ღონისძიების საპატიო სტუმარი ევროპის ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბერნარდ მაიეტი გახლდათ.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა აქტივობები: EMSA-ს ასამბლეა, სესიები, ტრენინგები, ლექციები და ვორქშოპები, განხორციელდა სხვადასხვა სოციალური აქტივობები. პროექტის სამეცნიერო თემას წარმოადგენდა ,,იძულებით გადაადგილებული პირები და მათი ჯანმრთელობა“. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, მათ შორის შედგა შეთანმება გაცვლითი პროგრამების შესახებ.
”ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საგაზაფხულო ასამბლეის მონაწილეებმა უმაღლესი შეფასება მისცეს ღონისძიების ორგანიზებას, მეტიც პრეზიდენტის იანის პაპასოღლუს განცხადებით, EMSA S/A 2016, რომლის მასპინძელიც იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, არის ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური ასამბლეა, რაც ბოლო წლებში განხორციელებულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.