მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო ტურიზმი და საქართველო: პრობლემების სპეციფიკა და რეკომენდაციები
თენგიზ ვერულავა “სამედიცინო ტურიზმი და საქართველო: პრობლემების სპეციფიკა და რეკომენდაციები”

სამედიცინო ტურიზმი და საქართველო: პრობლემების სპეციფიკა და რეკომენდაციები

სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია.

სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი [1].

სამედიცინო ტურიზმმა წარმოშვა თანამედროვე ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია: როდესაც პაციენტი თავის ქვეყანაში ვერ გადაჭრის ჯანმრთელობის პრობლემას,  იგი ირჩევს მისთვის სასურველ ქვეყანას, ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად.

თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკური კონკურენციის პირობებში, სამედიცინო ტურიზმი ხელს უწყობს მედიცინის უფრო სწრაფად განვითარებას და შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს  ჯანდაცვის ეროვნული სისტემების სახე. ამ მხრივ, საინტერესოა, თუ რა პოტენციალი გააჩნია დღეს საქართველოს სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, არის თუ არა მათზე მოთხოვნა და რა იგეგმება ამ პოტენციალის გასავითარებლად და დასახვეწად.

სამედიცინო ტურიზმის განვითარების გლობალური ტენდენციები

მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის ბაზარი მკვეთრი ზრდის ტემპით ხასიათდება. ბოლო მონაცემებით, 2004-2012 წლების პერიოდში სამედიცინო ტურიზმიდან შემოსავლები 40 მილიარდიდან 0,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა და მთლიანი ტურიზმის შემოსავლების ($ 3.2 ტრილიონი) 14% შეადგინა. 2012 წელს, სამედიცინო ტურიზმმა გლობალური მშპ-ის  1.8% შეადგინა [2]. ექსპერტთა მტკიცებით, 2017 წლისათვის სამედიცინო ტურიზმის ბაზრის 50%-ზე მეტი აზიის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე გადანაწილდება [2].

სამედიცინო ტურიზმი გულისხმობს პაციენტების საზღვარგარეთ მოგზაურობას სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. თუმცა, იგივე მიზნით ადამიანები შეიძლება გადაადგილდნენ საკუთარი ქვეყნის შიგნითაც. სამედიცინო ტურიზმს შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული მიზნები: პრევენცია, რეაბილიტაცია, მკურნალობა (მათ შორის ოპერაციული). შეაბამისად, თითოეულ სეგმენტს უზრუნველყოფს სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრები. სამედიცინო ტურიზმის ფასები ძლიერ განსხვავდება და დამოკიდებულია სამედიცინო მომსახურების სახეზე და ქვეყანაზე. სამედიცინო ტურიზმის სექტორში დომინირებს გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სპა ტურიზმი (ბაზრის 41%).

სამედიცინო ტურიზმის განვითარებას განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ფასი. სამედიცინო ტურიზმის ოთხი ძირითადი მოტივი არსებობს:

  • საზღვარგარეთ ანალოგიური სერვისის დაბალი ღირებულება;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები;
  • მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება;
  • დროის ფაქტორი (მკურნალობის ხანგრძლივი ლოდინი საკუთარ ქვეყანაში);
  • საკუთარ ქვეყანაში საჭირო სერვისის არ არსებობა.

კვლევების თანახმად, პაციენტების 42% საზღვარგარეთ მიემგზავრებიან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რესპოდენტთა 33 %-ს სურს მიიღოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, 15 %-ს არ სურს სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოცდის სიებში დიდხანს ლოდინი და ცდილობს მის დროულად და სწრაფად მიღებას, ხოლო 10%-თვის მნიშვნელოვანია დაბალი ფასები [3]. თუმცა, კვლევის შედეგები საშუალო მაჩვენებლებია, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყნებში.

სამედიცინო ტურიზმის  განვითარებას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ განვითარებულ ქვეყნებში გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები. პაციენტები ცდილობენ იმ ქვეყნებში ჩაიტარონ სამედიცინო მომსახურება, სადაც იგი გაცილებით იაფია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სამედიცინო ტურისტები ძირითადად განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნებიდან არიან, რომლებიც  განვითარებად ქვეყნებში ჩადიან შედარებით იაფი სამედიცინო მომსახურების გამო. მაგალითად, კარდიოქირურგიული ოპერაცია აშშ-ში 200000 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც მსგავსი სერვისი ინდოეთში 25 000 დოლარია [4] (იხ. ცხრილი 1). საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მომსახურება 3-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ისრაელში, 5-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ევროპაში და 10–ჯერ უფრო იაფია ვიდრე ამერიკაში [5].

თუმცა, სამედიცინო ტურისტები განვითარებულ ქვეყნებშიც შეიძლება ჩავიდნენ შედარებით იაფი სამედიცინო მომსახურების მისაღებად (ცხრილი 1). მაგალითად, სუნგაპურში, რომელიც კარგა ხანია აღარ მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების რიცხვს, მხოლოდ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ყოველწლიურად ათასობით პაციენტი ჩადის და მილიონობით დოლარს ტოვებს, ვინაიდან ბევრად იაფი უჯდებათ ეს ოპერაციები, ვიდრე საკუთარ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თან ხარისხიც მაღალია.

ცხრილი 1:

გავრცელებული ქირურგიული ოპერაციების ღირებულება სხვადასხვა ქვეყნებში ($ 1000)

picture1

წყარო: Kelley, E. (2013). Medical Tourism. World Health Organization.

სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი მოტივია საკუთარ ქვეყანაში ჯანდაცვის საბაზისო პაკეტში გარკვეული სამედიცინო სერვისების მოუცველობა, ან საერთოდ დაუზღვეველობა. მაგალითად, გერმანიაში, სადაც საყოველთაო სოციალური დაზღვევა მოქმედებს, სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეები არ არის მოცული დაზღვევის საბაზისო პაკეტით და შესაბამისად, ეს სერვისები მათთვის ძვირადღირებულია. აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით 17% დაუზღვეველია, რის გამოც მათთვის ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები ხელმიუწვდომელია. გასათვალისწინებელია, რომ ზოგ შემთხვევებში დაზღვევა არ ფარავს მძიმე ქრონიკული დაავადებების მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში მოქალაქენი ისეთ ქვეყნებში ამჯობინებენ მკურნალობას, სადაც ანალოგიური სამედიცინო მომსახურება გაცილებით იაფია [6]. ცნობისათვის, 2012 წელს 1.6 მილიონმა ამერიკელმა ჩაიტარა სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ [7].

სამედიცინო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია საკუთარ ქვეყანაში საჭირო სერვისის არარსებობა ან დაბალი ხარისხი. ასეთ შემთხვევებში პაციენტები ამჯობინებენ ისეთ ქვეყნებში ჩაიტარონ სამედიცინო მომსახურება, სადაც მიუხედავად სიძვირისა, მისი ხარისხი შედარებით უფრო მაღალია. ამ დროს სამედიცინო ტურიზმის მასპინძელი შეიძლება მაღალგანვითარებული ქვეყანა გახდეს. სამწუხაროდ, ხშირად შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის ამ სახის ტურიზმი პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივაა მაღალკვალიფიციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რაც  შეუძლებელია მიიღო საკუთარ ქვეყანაში. მაგალითად, ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით მეზობელ თურქეთს, ან გერმანიას და ისრაელს.

სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ასევე ხელი შეუწყო გლობალიზაციამ, რომელმაც გაადვილა და გააიაფა საერთაშორისო მოგზაურობა, ადამიანებს მისცა სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა. ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, ასევე აღსანიშნავია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გაუმჯობესებული ტექნოლოგიები და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტები. ზოგადად, სამედიცინო ტურიზმი სინთეზური ბიზნესინდუსტრიაა, როცა გლობალიზაციის პროცესში სხვადასხვა სფეროები იკვეთება და მათი თანხვედრა ხდება [8]. გასაკვირი არ არის, რომ ოცდამეერთე საუკუნის მედიცინის დევიზი, გლობალიზაციის ტენდენციების შესაბამისად, ჟღერს ჭეშმარიტად გლობალურად: “პაციენტები საზღვრებს გარეშე!”

სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს სხვა მოტივებმაც. მაგალითად, ცალკეული პირები შეიძლება დაინტერესდნენ მკურნალობის შეთავსების შესაძლებლობით სხვა ქვეყნებში ტურისტული მოგზაურობის პროგრამებთან. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები დაინტერესებულნი არიან მკურნალობის სრული ანონიმურობის დაცვით.

სამედიცინო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი მზარდი ბიზნესინდუსტრიაა. სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიისათვის მომხმარებელების ძირითადი მომწოდებლები არიან ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. ამ მხრივ, სამედიცინი ტურიზმის მსოფლიო ბაზრის 65% უჭირავს ხუთ ქვეყანას – ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი და ავსტრია. სამედიცინო ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: ინდოეთი, უნგრეთი, მექსიკა, სინგაპური, ტაილანდი, ბარბადოსი, ბრაზილიის, ისრაელის, სამხრეთ კორეა, თურქეთი. მხოლოდ ინდოეთში უცხოელი ტურისტების სამედიცინო მომსახურებაზე იხარჯება 2.3 მილიარდი დოლარი წელიწადში. ამ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის წამყვან ქვეყნებში (ცხრილი 1).

სამედიცინო ტურიზმის მრავალი სახეობა არსებობს. ამ მხრივ გამოყოფენ ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ სამედიცინო ტურიზმს. სამედიცინო ტურიზმის სახეობაა ტელემედიცინა, როდესაც პაციენტები სამედიცინო მომსახურებას იღებენ დისტანციურად. არსებობს საგანმანათლებლო სამედიცინო ტურიზმი, როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში შესაბამის სამედიცინო განათლებას ვერ იღებენ, მიდიან სხვა ქვეყანაში ან როდესაც სამედიცინო პერსონალი მოგზაურობს კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკის მიღების მიზნით. სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა შიდა ტურიზმი. იგი გულისხმობს რომელიმე რეგიონში სამედიცინო ტურიზმის კერის შექმნას. ასეთი კერები სარგებლიანია როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისათვისაც.

სამედიცინო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ბევრი კომპანია ატარებს კვლევებს. კვლევის თანახმად, რესპოდენტების 49% მიიჩნევს, რომ სამედიცინო ტურიზმის შესახებ ინფორმაციას პოულობენ ინტერნეტში, 17% – ნაცნობების და მეგობრებისგან, 15% – ტელევიზიის მეშვეობით, 2% – მკურნალი ექიმისგან და 17% სხვა საშუალებებით. კვლევები ადასტურებენ, რომ სამედიცინო მომსახურების ყველაზე პოპულარულ სახეს წარმოადგენს ჭარბი წონის შემცირება [1].

ინტერნეტში სამედიცინო ტურიზმის შესახებ ინფორმაციის მოძიების შემდეგ ტურისტების უმრავლესობა მიმართავენ შუამავლებს, რომლებიც მათ ეხმარებიან სამედიცინო ცენტრებთან კომუნიკაციის დამყარებაში. გამოკითულთა 61%-ის შეაფასებით შუამავალი ორგანიზაციების როლი “ძალიან მნიშვნელოვანია”, 27%-ის აზრით – „მნიშვნელოვანი”, 10%-ის ცნობით – „საშუალოდ მნიშვნელოვანი“, და მხოლოდ 2%-ის აზრით მათი როლი “უმნიშვნელოა.” კვლევები აჩვენებენ, რომ პაციენტების დაახლოებით 85% კმაყოფილია სამედიცინო ტურიზმის შედეგად შემოთავაზებული მკურნალობის შედეგებით.

სამედიცინო ტურიზმის მეშვეობით შემოთავაზებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რისკებთან დაკავშირებული გარკვეული შიშის შემცირებას ხელს უწყობს სამედიცინო ცენტრების საერთაშორისო აკრედიტაცია. ასეთ აკრედიტაციას ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI). ასევე, აღსანიშნავია, რომ პაციენტის მიერ სამედიცინო ტურიზმის სასურველი ქვეყნის არჩევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო იმიჯს.

მთელ მსოფლიოში სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხარდაჭერაში და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სპეციალური კანონის შექმნა სამედიცინო ტურიზმის მხარდასაჭერად. ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ახორციელებს უცხოელი ტურისტების მკურნალობის სუბსიდირებას (მაგალითად, თურქეთი), სხვა ქვეყნები თავიანთ თავზე იღებენ უცხოელები სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო რისკებს (მაგალითად, სამხრეთ კორეა).

სამედიცინო ტურიზმი და საქართველო

დღეს არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში მილიარდ შვიდას მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია [9]. სამედიცინო ტურისტებისათვის საქართველოს შეუძლია შემდეგი ტიპის მომსახურების შეთავაზება: სტომატოლოგია და კბილების პროტეზირება, კოსმეტიკური მედიცინა, მხედველობის კორექცია ექსიმერული ლაზერის მეთოდით, გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა (სტენტირება, შუნტირება), ფაგებით მკურნალობა (ექსკლუზიური სახეობა, ვინაიდან თბილისის ფაქტერიოფაგი ერთ–ერთი უნიკალური დაწესებულებაა მსოფლიოში), რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება (უშვილობის მკურნალობა, ინ–ვიტრო განაყოფიერება და სხვა) და ა.შ [6]. გარდა უშუალოდ სამედიცინო მომსახურებისა, ტურისტებისათვის შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ტიპის მომსახურების შეთავაზება, ანუ ერთმანეთს შეუთავსდეს საჭირო სამედიცინო დახმარება და უცხო ქვეყანაში დასვენება. მით უმეტეს, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად ადამიანებს, როგორც წესი, თანხმლები პირებიც მიჰყვებიან.

საქართველოს სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამ მხრივ, იგი ძალზედ მდიდარია საკურორტო ადგილებით. დღეისათვის აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი, რომლებსაც მომხმარებლებისათვის სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების შეთავაზება შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისთვის [10].

საქართველოში შესაძლებელია სამედიცინო ტურიზმის ისეთი სპეციფიკური სახეების განვითარება, როგორიცაა, კლიმატური (მთის, ზღვის სანაპირო, ტყის და ველის კურორტები)  და ბალნეოლოგიური კურორტები (სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო). ისინი ოდითგანვე წარმოადგენდნენ ქვეყნის ტურისტულ ღირსებას. ქვეყანაში კურორტების განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით მე-19 საუკუნის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები.

კლიმატურ კურორტებს შორის შეიძლება გამოვარჩიოთ: ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი. ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია თბილისი, ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, ნუნისი, ურეკი, გრიგოლეთი, უწერა, ცაიში, ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი.

მთის ჰავა გამოირჩევა სუფთა ჰაერით, მზის, განსაკუთრებით – ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაციით, დაბალი ბარომეტრული წნევით და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობით [11]. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს ჰმატებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას; ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ინფექციური პათოლოგიების მიმართ; ამ ფაქტორის გამო მთის კურორტებზე დასვენება ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე [11].

შავი ზღვის კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. ზღვის ჰავას გააჩნია სამკურნალო თვისებები. იგი წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის სამკურნალოდ. ზღვისპირა კუროტებიდან თავისი მნიშვნელობით, მაგნიტური ქვიშებითა და დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის შესანიშნავი კლიმატური პირობებით გამოირჩევა ურეკი. ურეკის დადებითი სამკურნალო ფაქტორებიდან შეიძლება, გამოვყოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცენტრალური ნერვული სისტემის, ფუნქციური დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა დაავადებათა სამკურნალო ეფექტი.

საქართველოში, დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია გაზიანი მინერალური წყლები. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ  გამოიყენება. მინერალური წყლების კურორტებიდან შეიძლება დავასახელოთ ბორჯომი, საირმე, ლებარდე, უწერა, შოვი.

ტალახით სამკურნალო კურორტებიდან გამოირჩევა ახტალა, რომლის ფსევდოვულკანურ სამკურნალო ტალახს იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისთვის. ახტალაში იკურნება მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები.

სამედიცინო ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის მაქსიმალური ამუშავებისათვის, პირველ რიგში აუცილებელია იმ შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი, რაც ხელს უშლის მის განვითარებას.

უმთავრესად უნდა გამოვყოთ სამედიცინო ტურიზმის სფეროში არსებული ძლიერი კონკურენცია. ბევრ ქვეყნებს, სადაც სამედიცინო ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია, კონკურენციას ვერ გავუწევთ. ასეთ ქვეყნებში უამრავი თანხები იხარჯება სამედიცინო ტურიზმის გასაძლიერებლად. ისინი სამედიცინო მომსახურების მრავალ სახეობას სთავაზოს უცხო ქვეყნების მომხმარებლებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო მულტიპროფილურად საინტერესო ვერ გახდება [8].

სამკურნალო ტურიზმის განვითარებას აფერხებს ცუდი ინფრასტრუქტურა. არასაკმარისადაა განვითარებული სასტუმროთა და სააგენტოთა ქსელი, შედეგად, ფერხდება ტურისტების უზრუნველყოფა თავშესაფრით. ამავე დროს, არსებული კერძო სასტუმროების მომსახურების დონე დაბალია. კლიმატური კურორტები ძირითადად მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ინფრასტრუქტურა განუვითარებელია.

საყურადღებოა სატრანსპორტო სისტემაში არსებული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გზების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს უმეტეს მაღალმთიან რეგიონში მოშლილია საგზაო და სატრანსპორტო სისტემა. შედარებით ნაკლებადაა განვითარებული შიდა ავიარეისები, საზღვაო ტრანსპორტი, რაც საკმაოდ გააადვილებდა გადაადგილებას.

სანაპირო ზოლის ზოგიერთ მონაკვეთზე შეინიშნება არადამაკმაყოფილებელი სანიტრულ-ჰიგიენური მდგომარეობა. რეგულარულად არ ხდება სანაპიროს დასუფთავება და საჭირო სანიტარული ნორმების დაცვა. ასევე ხშირია ზღვის დაბინძურება სხვადასხვა ჩამდინარე ნარჩენებით. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის დამსვენებელთა ჯანმრთელობას.

საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის შესახებ არ არსებობს სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. სამკურნალო კურორტებზე შედარებით ნაკლებია რეკლამა. ასევე, ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს ნაკლებად სთავაზობს.

სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები

სამედიცინო ტურიზმის სფეროში არსებული ძლიერი კონკურენციის გამო, საქართველოსთვის უფრო რეალურია ვიწრო, სპეციფიკური სერვისების შეთავაზება, რომლებსაც არ სჭირდება დიდი ინვესტიციები. გარკვეულ, სპეციფიკურ სერვისებზე დაბალი ფასების დაწესებითა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შესაძლებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვა. ამ კუთხით იგი შეიძლება საინტერესო გახდეს, თუნდაც რეგიონალური მასშტაბით.

ბევრ ქვეყნებში სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით არ არის მოცული ისეთი სერვისები, როგორიცაა ესთეტიური მედიცინა, სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების ბევრი სახეები… საქართველოში თუ იქნება სათანადო სტანდარტის და ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ცხადია, შედარებით დაბალ ფასად, უცხოელი მოქალაქეები შეეცდებიან აქ ჩაიტარონ სასურველი სამედიცინო მომსახურება.

აუცილებელია გაუმჯოებესდეს საგზაო სისტემა,  განსაკუთრებით მაღალმთიან და შედარებით ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი სწორედ მაღალმთიან რეგიონებშია თავმოყრილი. აუცილებელია სამარშრუტო ქსელის გაფართოება და მაღალმთიან რეგიონებში პირდაპირი მარშრუტების დანიშვნა; მიზანშეწონილია შიდასაქვეყნო, რეგიონთაშორისი ავიარეისების დანიშვნა, ასევე საზღვაო რეისების აღდგენა ვიზიტორების ტრანსპორტირებისა და გასეირნებისათვის.

საჭიროა სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის შესახებ სრული საინფორმაციო ელექტრონული ბაზის  შექმნა და მისი მუდმივი განახლება. მასში ასახული უნდა იყოს მსხვილი სამედიცინო დაწესებულებების, კლინიკური ცენტრების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (მათი მომსახურების სახეები და ფასები), რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ მცხოვრებისათვის.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია სამედიცინო ტურიზმის განსახორციელებლად შერჩეული სამედიცინო მომწოდებლების მოქცევა ერთიან მარეგულირებელ სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

ჩვეულებრივი ტურიზმისაგან განსხვავებით, სამედიცინო ტურიზმი მოითხოვს სამედიცინო სფეროში არსებული თავისებურებების გათვალისწინებას. ამ მხრივ, მიზანშეწონილია ჩატარდეს სამედიცინო ტურიზმის შესახებ ტრეინინგ კურსები, რომელიც ჩაუტარდებათ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალს, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს.

მიზანშეწონილია უცხოელი პაციენტებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, კერძოდ, მათთვის, ასევე თანმხლები პირებისათვის, რომლებიც გეგმავენ საქართველოში მკურნალობას, სავიზო შეღავათების დაწესება ან სავიზო მოსაკრებელისაგან განთავისუფლება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა ეროვნული ტურიზმის სტრატეგია. სტრატეგია მოიცავს 20-25 წლის პერიოდს და განსაზღვრულია ტურიზმის განვითარების სხვადასხვა მიმართულებები: სამკურნალო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სათავგადასავლო, კულტურული ტურიზმი და ა.შ. სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოში სამკურნალო ტურიზმის, გამაჯანსაღებელი კურორტების განვითარება.

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. მიზანშეწონილია სამედიცინო ტურიზმის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების დანერგვა, სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ფორუმებზე უფრო აქტიური მონაწილეობის მიღება, ერთობლივი სამედიცინო ორგანიზაციების შექმნა უცხოური კომპანიების მონაწილეობით, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ არსებულ კერძო კლინიკებს სამედიცინო მომსახურების ღირებულების თვალსაზრისით.

სწორი პოზიციონირების პირობებში სამედიცინო ტურიზმს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა შეუძლია მთელი წლის განმავლობაში და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდეს ქვეყანაში.

ბიბლიოგრაფია

  1. Kelley, E. (2013). Medical Tourism. World Health Organization.
  2. The Global Wellness Tourism Economy. Global Spa & Wellness Summit. Global Wellness Institute. 2013.
  1. McKinsey Quarterly, (2008), Mapping the Market for Medical Travel – McKinsey Report. McKinsey and

http://www.medretreat.com/templates/UserFiles/Documents/McKinsey%20Report%20Medical%20Travel.pdf

  1. გურგენიძე, პ. (2012). ხარჯეფექტური ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის მნიშვნელობა სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში. European.ge. http://european.ge/ხარჯეფექტური-ჯანდაცვის/
  2. სამედიცინო ტურიზმი. სამედიცინო ტურიზმის მრავალპროფილიანი საერთაშორისო კომპანია GMTour. 2016.

http://gmtour.com.ge/index.php?lang=1&kat=3

  1. კობალაძე, ლ. (2010). საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის

მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება. თბილისი. 2010.

https://geshdoc.files.wordpress.com/2011/12/38.pdf

  1. Medical Tourism in 2013, Facts and Statistics. http://www.medicaltourismresourceguide.com/medical-tourism-in-2013
  1. გურგენიძე, პ. (2015). რატომ არ ვითარდება სამედიცინო ტურიზმი საქართველოში? ვებგვერდი bpn.ge

http://www.bpn.ge/biznesi/15972-ratom-ar-vithardeba-samedicino-turizmi-saqarthveloshi.html?lang=ka-GE

  1. საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი “ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგია-2025”-ს შეიმუშავებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2014 წ.

http://www.economy.ge/ge/media/news/saqartvelos-mtavroba-da-msoflio-banki-quoterovnuli-turizmis-ganvitarebis-strategia-2025quot-s-seimusavebs

  1. ჩოგოვაძე გ. (2016). საქართველოს პოტენციალი სამედიცინო ტურიზმში – რა სიახლეებს გეგმავს ტურიზმის ადმინისტრაცია?. The Tbilisi Times.

http://www.ttimes.ge/archives/64395

  1. ჯაყელი ბ. (2010). რაში გამოიხატება ბალნეოლოგიური კურორტების უპირატესობა და სად იკურნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები. თბილისელები

http://tbiliselebi.ge/?mas_id=4911&rubr_id=4&jurn_id=27

  1. ტურიზმის განვითარების ხელშეყწობა საქართველოში. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0ekonomik–00-1—-0-10-0—0—0direct-10—4——-0-1l–11-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&c=ekonomik&cl=CL2.14&d=HASH91d740a344d40d08e402b7

  1. მეტრეველი, მ. (2003). ტურიზმი. თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. უნივერსალი

თენგიზ ვერულავა

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სტატია გამოქვეყნდა საერთაშორისო კონფერენციის შრომათა კრებულში “სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები”. თბილისი. 2016

burusi.wordpress.com

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …