“პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი” ჯანდაცვის საკითხების შესახებ დაინტერესებულ პირს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ორგანიზაცია “პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის” ინფორმაციით ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის პარალელურად, მაინც რჩება მოსახლეობის ნაწილი, რომლისთვისაც უცნობია, ჯანმრთელობის დაცვის რა მომსახურების მიღება შეუძლია, როგორ უნდა მიიღოს ის, რა პირობებით შეუძლია სარგებლობა, ვინ აფინანსებს სერვისებს, სად შეუძლია სხვადასხვა სპეციფიკური სამედიცინო სერვისების მიღება, როგორია თანადაფინანსების პროცედურები და სხვა.
“ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები კლინიკებში არსებულ ხარვეზებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ასევე, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამა თუ იმ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის შესახებ. თუ თქვენი, როგორც პაციენტის, უფლებები დაირღვა, მიმართეთ „პაციენტის უფლებების ცხელ ხაზს“– 2 103 003.
თქვენ მიიღებთ უფასო კონსულტაციას პაციენტის ინდივიდუალური და სოციალური უფლებების თაობაზე. უფასო კონსულტაციას სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესახებ. უფასო იურიდიულ კონსულტაციას. საჭიროების შემთხვევაში, იურისტის უფასო კონსულტაციას სასამართლოში” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ამასთან, „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ დაბრკოლებები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების მიღების, არასათანადო მოპყრობის, უხარისხო სერვისის მიწოდების ან სხვა პრობლემების თაობაზე.
„პაციენტის უფლებების ცხელ ხაზზე“, ასევე, დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობისა და მასში მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებაც.