“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ორგანიზებით და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოცოციაციის ეგიდით, აჭარას ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები დღეს ეწვევიან.
როგორც “ინტერპრესნიუსნიუსს” “სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო “რედისონში” დაგეგმილია სამდღიანი კონფერენცია თემაზე: “ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკის მართვა უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით და ახალშობილებში ნევროლოგიური პრობლემების მენეჯმენტი”.
კონფერენციას მეიოს კლინიკის ნეონატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ქრისტოფერ კოლბი, ასევე მეიოს კლინიკის ნეონატოლოგი ვილიამ ქერი გაუძღვებიან და ქართველ ექიმებს კრიტიკულ პაციენტებში თანდაყოლილი გულის მანკის მართვის საერთაშორისო გაიდლაინებს გააცნობენ.
კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თბილისის და თელავის ნეონატოლოგები და ბავშვთა კარდიოლოგები დაესწრებიან.
კონფერენცია “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მხარდაჭერით გაიმართება და 21 ნოემბერამდე გაგრძელდება.