მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ ვერულავა ეხმაურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამასთან შექმნილი პრობლემას.
“ვფიქრობ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამასთან შექმნილი პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ქვეყანაში არის საავადმყოფოების მესაკუთრეობის მხოლოდ 2 ფორმა: უმეტესად შპს (დაახლ, 90%) და სახელმწიფო (10%). ხოლო მრავალპროფილიანი საავადმყოფოებიდან, ვინც უარი თქვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში მონაწილეობაზე, ყველა კერძო მომგებიანი საავადმყოფოებია.
საქართველოში არ არსებობს არამომგებიანი საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა კერძო მომგებიან საავადმყოფოებს, როგორც ეს მიღებულია მთელ მსოფლიოში.
როდესაც კერძო მომგებიანი საავადმყოფო ცალმხრივად წყვეტს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იმ მიზეზით, რომ მცირე ბიუჯეტის გამო სახელმწიფომ შეამცირა დაფინანსება, სახელმწიფოს საშუალებას უნდა ჰქონდეს გამოიყენოს კერძო მომგებიანი საავადმყოფოს ალტერნატიული ფორმა და არამომგებიან საავადმყოფოსთან დადოს ხელშეკრულება.
სხვანაირად, თუ მხოლოდ კერძო მომგებიანი საავადმყოფოებია ქვეყანაში წარმოდგენილი და მათ არ ჰყავთ სხვა ალტერნატიული მესაკუთრეობის ფორმის საავადმყოფო, როგორც კონკურენტი, ისინი ყოველთვის შეეცდებიან დაბლოკონ სახელმწიფოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.
ასეთი პრობლემების წარმოქმნა მომავალშიც გარდაუვალია, ამიტომ უმჯობესია ჩვენმა ქვეყანამაც გაითვალისწინოს მსოფლიოში ამ მხრივ დაგროვილი გამოცდილება. მსოფლიო გამოცდილებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს უმთავრესად არამომგებიანი პროვაიდერები ახორციელებენ”