კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გასცა რეკომენდაცია საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ესაა ერთერთი იმ რეკომენდაციებს შორის, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ არსებული სისტემის ფარგლებში დაშენებული პაკეტების ამოქმედება მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს ასარგებლებს, რადგან ზარალის ანაზღაურება პირველ რიგში სახელმწიფოს მოუწევს და მხოლოდ შემდეგ – სადაზღვევო კომპანიებს. სამაგიეროდ ისინი პრემიების სახით დიდ შემოსავალს მიიღებენ.
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე კი ფიქრობს, რომ შემავსებელი პაკეტის შემოღება აუცილებელია, რადგან ამ უფლების არარსებობა მოქალაქეთა უფლების დარღვევაა.
მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ხელს შეუწყობს ხარჯების კონტროლს და გამჭვირვალობას, რადგან კონტროლი ორი მხრიდან განხორციელდება.
„სახელმწიფო ბიუჯეტი იმ მოქალაქეების თანხებითაც ივსება, რომლებიც სადაზღვევო პოლისებს ყიდულობენ. ახლანდელი სისტემით კი გამოდის, რომ სახელმწიფო სჯის მათ, ვინც კერძო პოლისს ყიდულობს,“ – განმარტავს მორჩილაძე.
ამასთან, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებასთან ერთად სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო. მას მოჰყავს ევროპის მაგალითი, სადაც გათვალისწინებულია 11 სოციალური რისკი და მოქალაქეებიც შესაბამის დაზღვევაში სავალდებულო სახით იხდიან გადასახადებს. ესაა ჯანმრთელობა, უმუშევრობა, შეზღუდული შესაძლებლობების ჩამოყალიბება, გრძელვადიანი მოვლა და ა.შ. ესაა ვაუჩერული სისტემა, რომელშიც მოქალაქე თავად ირჩევს, სად წაიღოს საკუთარი ვაუჩერი – მაგალითად, სურვილის შემთხვევაში შეუძლია კერძო სადაზღვევო კომპანიაში წავიდეს.
„სახელმწიფომ უარი უნდა თქვას „საყოველთაო ჯანდაცვაზე“ და გადავიდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებაზე. ყველაზე კარგი გზა კი სერვისების კონსოლიდირებული ტენდერის გზით შესყიდვაა,“ – განაცხადა მორჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ „საყოველთაოს“ პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლება ისეთ მოწყვლად ადამიანებს აქვთ, როგორიცაა პენსიონერები, სოცდაუცველები, 18 წლამდე ბავშვები, პედაგოგები და შშმ პირები. მოქალაქეთა დიდ ნაწილს კი კერძო დაზღვევით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ერთდროულად სარგებლობა არ შეუძლია. შესაბამისად, პირი, რომელსაც გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება და კერძო დაზღვევაში ჩაერთვება, სახელმწიფო პროგრამიდან ეთიშება.
სწორედ ამ პრინციპის შეცვლას მოითხოვს ექსპერტების დიდი ნაწილი. მათი ინიციატივაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ყოფნა არ ზღუდავდეს მოქალაქეებს დამატებითი, კერძო პაკეტის შეძენაში.