მთავარი » დაზღვევა » „დაშენებული პაკეტების“ ამოქმედებით მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები „იხეირებენ“ და არა – მოქალაქეები და სახელმწიფო“

„დაშენებული პაკეტების“ ამოქმედებით მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები „იხეირებენ“ და არა – მოქალაქეები და სახელმწიფო“

კერძო სადაზღვეო კომპანიების შემოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, ნამდვილად შეიძლება განხილულ იქნას ერთ-ერთ გამოსავლად. თუმცა, არა ისევ სახელმწიფოს ხარჯზე და არა ისევ საყოველთაო ჯანდაცვაზე დაშენებული პაკეტების ფორმით.  „დაშენებული პაკეტების“ ამოქმედებით მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები „იხეირებენ“ და არა – მოქალაქეები და სახელმწიფო.

ასე ეხმაურება ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ექსპერტთა ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ „ხვრელებს“, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტთან ერთად კერძო სადაზღვეო პაკეტების დაშვება გამოასწორებს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ფორმა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ნამდვილად არ გხვდება (ყოველ შემთხვევაში-ხშირად). ზოგადად მოდით გავაანალიზოთ, რაზე ვსაუბრობთ, დღეს გვაქვს პრობლემა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არის პრობლემური და ეს შემოთავაზება ამ პრობლემის მოგვარებას გვთავაზობს საყოველთაოზე დაშენებული პაკეტების ხარჯზე. ანუ ბენეფიციარი არის საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული სრულიად უფასოდ, ხოლო ამის პარალელურად კერძო სადაზღვევო კომპანიასაც უხდის ფულს. რაიმე სამედიცინო სერვისის საჭიროების შემთხვევაში კი ეს სისტემა პირიქით მუშაობს – ბენეფიციარი დაფინანსებას იღებს საყოველთაო ჯანდაცვიდან და თუ რაიმე მიზერული თანხა დააკლდა, ამის შემდეგ ერთვება საქმეში კერძო კომპანია და მაგალითად 10%-ს უფინანსებს. თუმცა, შეიძლება სულაც არ ჩაერთოს ეს კერძო კომპანია საქმეში და კონკრეტული სერვისი მხოლოდ სახელმწიფომ დააფინანსოს.

ახლა შევაჯამოთ, რა გამოდის ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში: საყოველთაო ჯანდაცვას ფისკალური წნეხი არ უმსუბუქდება, იმდენად რამდენადაც, როგორც უკვე ვახსენე, დაშენებული პოლისის შემთხვევაში ზარალის რეგულირებაში ჯერ სახელმწიფო ერევა და შემდეგ – კერძო კომპანია. მეორეს მხრივ, ბენეფიციარს სამედიცინო სერვისებზე დანახარჯი ეზრდება, რადგან საყოველთაო ჯანდაცვას, კერძო დაზღვევას ამატებს და ეს ჯიბიდან დანახარჯებს უზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სქემით მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიები იხეირებენ.

მეტიც: შორს რომ არ წავიდეთ, ეს სისტემა ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობდა და ნამდვილად ვერ გაამართლა. ვერ გაამართლა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ვერ გაამართლა ჯიბიდან დანახარჯების შემცირების კუთხით, ვერ გაამართლა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის კუთხით. ერთადერთი, ვის წისქვილზეც ეს „დაშენებული პაკეტები“ ასხამდნენ წყალს, იყვნენ კერძო სადაზღვეო კომპანიები და ნაწილობრივ ის კლინიკები, რომლებიც იმ სამედიცინო ჰოლდინგებში შედიოდნენ, რომლებსაც საკუთარი სადაზღვეო კომპანიებიც გჰქონდათ,“ – განაცხადა ბაირახტარმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტების ნაწილი და სადაზღვევო კომპანიები წლებია, ითხოვენ, „საყოველთაო ჯანდაცვით“ მოსარგებლე ბენეფიციარებს კერძო დაზღვევის „დაშენების“ უფლება მიეცეთ, როგორც ეს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის (პენსიონრები, ბავშვები, სტუდენტები) შემთხვევაშია.

მოქალაქეთა დიდ ნაწილს კი, რომლებსაც წელიწადში 40 ათას ლარამდე შემოსავლები უფიქსირდებათ, უწევთ არჩევანის გაკეთება საყოველთაოსა და კერძო დაზღვევას შორის, რადგან მათ „დაშენების“ უფლება არ აქვთ.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …