მთავარი » ჯანდაცვა » სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობები ძალიან მისაღები ფორმაა ჩვენნაირი ქვეყნისათვის
ჰიბრიდული ფორმა ქმნის ბალანსს სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურას შორის-ხარჯთეფექტური ხდება, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობები მისაღები ფორმაა.

სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობები ძალიან მისაღები ფორმაა ჩვენნაირი ქვეყნისათვის

საპარტნიორო ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდრი თბილისის სამ დიდ საავადმყოფოს, კერძოდ, აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკას, უნივერსალური სამედიცინო ცენტრსა და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს შეეხება.

ტენდერის დასრულების შემდეგ, სამი საავადმყოფოს შენობის რემონტი, რეკონსტრუქცია ან მშენებლობა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. ასევე, მოხდება მათი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, ხოლო პერსონალი პერონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად, გაივლის ატესტაციას და სწავლებას.

ტენდერთან დაკავშირებით ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში თენგიზ ვერულავამ ისაუბრა:

„ტენდერის დასრულების შემდეგ სახელმწიფო გარკვეულწილად იტოვებს და გარკვეულწილად გადასცემს სამართავად აღნიშნულ სამ საავადმყოფოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი ფორმაა და მისასალმებელია. ჩვენთან სამედიცინო ორგანიზაციების მმართველობის მხოლოდ ორი ფორმაა, ხოლო დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებში – მეტი.

ჩვენთან უმთავრესად არის გავრცელებული კერძო მფლობელობა, დაახლოებით 90%ზე მეტი და მხოლოდ დანარჩენი – სახელმწიფოს დაფინანსების ქვეშ. ეს არის მფლობელობის ორი ძალიან უკიდურესი ფორმა, განვითარებულ ქვეყნებში კი დამატებით, კიდევ ერთი ან ორი ფორმაც არსებობს. ევროპის ქვეყნებში გავრცელებულია არაკომერციულ-არამომგებიანი საავადმყოფოები, რომელთაც დაახლოებით 75-80% უჭირავთ. ხოლო მეორე გავრცელებული ფორმაა სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობები. რომ ავხსნათ, რით განსხვავდება ეს ფორმები ერთმანეთისაგან.

სახელმწიფო საავადმყოფო ყველასთვის ცნობილია. ასევე, კერძო მფლობელობის საავადმყოფოების არსიც გასაგებია. რაც შეეხება კერძოსა და არაკომერციულ-არამომგებიან საავადმყოფოებს შორის განსხვავებას. არამომგებიანი – ეს სახელი არც კი შეეფერება, რა თქმა უნდა, საავადმყოფო მომგებიანია, უბრალოდ მოგება ნაწილდება სხვაგვარად.

კერძო მფლობელობის შემთხვევაში მფლობელს შეუძლია მთლიანი მოგება აიღოს. ხოლო არაკომერციულ-არამომგებიანი მფლობელობის შემთხვევაში, მოგება ხმარდება საავადმყოფოს, მათ პერსონალს, აღჭურვილობას, სერვისების გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. სრულიად განსხვავებულია მეოთხე ფორმა – სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ეს ხდება აღნიშნული სამი საავადმყოფოს შემთხვევაში“. 

ექსპერტი დადებითად აფასებს, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა მომგებიანია ორივე მხარისთვის, რადგან ქონებას სახელმწიფო და კერძო კომპანია კი დაწესებულების მმართველობას იყოფენ.

„ამ ჰიბრიდული ფორმის უპირატესობა იმაშია, რომ საავადმყოფო, რომელიც გაინაწილა ორმა სუბიექტმა, მათ შორის ერთი სახელმწიფოა, არასოდეს შეიცვლის პროფილს. მეორე უპირატესობა ისაა, რომ ზოგჯერ სახელმწიფოს მართვა არ არის ხოლმე ხარჯთეფექტური. ეს ჰიბრიდული ფორმა ქმნის გარკვეულ ბალანსს სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურას შორის, მომსახურება ხარჯთეფექტური ხდება, ხარისხი მაღლდება. ამიტომ სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობები ძალიან მისაღები ფორმაა ჩვენნაირი ქვეყნისათვის“, – განმარტა თენგიზ ვერულავამ.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …