დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თითქმის 25 წელია რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები მიმდინარეობს. სახელმწიფომ უარი თქვა ჯანდაცვის საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მოდელზე. განხორციელდა ჯანდაცვის დეცენტრალიზაცია.
სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი გადაიქცა კერძო სამართლის სუბიექტად. დროის ამ პერიოდში დაინერგა მრავალი ინოვაციური მიდგომა, გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებების მმართველობითი ავტონომია, შემუშავდა ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მართვის ახალი მოდელის შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, და რაც მთავარია, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების პროცესის შეჩერება.
თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ ინერგება ჯანდაცვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების ინოვაციური მექანიზმები. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტუალურია ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის მსოფლიო გამოცდილება. გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ქვეყნებში სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმებია გავრცელებული. ამისგან განსხვავებით, საქართველოში მხოლოდ ორი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებია წარმოდგენილი: მომგებიანი (კომერციული) ორგანიზაციები და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები.
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის, როგორც ინოვაციური მექანიზმის, საქართველოში დანერგვის აქტუალურობა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ იგი ხარჯების შეკავების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. აღნიშნული კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც სახეზეა ჯანდაცვის სექტორის არასაკმარისი დაფინანსება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების ეკონომიკური ეფექტურობა უმთავრესად ძალიან დაბალია.
ჯანდაცვაში სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორობა არის სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის თანამშრომლობა ჯანდაცვის განვითარების პრიორიტეტული ამოცანების განსახორციელებლად, სარგებლების, ხარჯების და რისკების ერთმანეთს შორის განაწილების მეშვეობით, გრძელვადიანი, ნებაყოფლობით პრინციპებზე.
ჯანდაცვის სისტემაში არსებული მწირი დაფინანსების გათვალისწინებით სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მექანიზმია. მსოფლიოში არსებული გამოცდილებით, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვა საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ დანახარჯების ოპტიმიზაცია, სამედიცინო ბაზრის სისტემატიზაცია და განვავითაროთ იგი რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის მეშვეობით ჯანდაცვის არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის ინვესტირება, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი კლინიკების ქსელის შექმნა, მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვა, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება.
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ძირითადი მახასიათებლებია:
- სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების სარგებლების, რესურსების, რისკების, პასუხისმგებლობის ერთმანეთს შორის განაწილება;
- სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთთანამშრომლობით;
- სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი ხასიათი;
- სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობის სამართლებრივად გამყარება;
- პარტნიორულ თანამშრომლობაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა;
- კერძო ბიზნესის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხარისხის კონტროლის მექანიზმების არსებობა.
ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორული თანამშრომლობა ეფუძნება თითოეული მხარისათვის დამახასიათებელ უპირატესობებს. სახელმწიფოსათვის კერძო ბიზნესთან პარტნიორული თანამშრომლობის მთავარ სარგებლებს წარმოადგენენ:
- შესაძლებელია შემუშავდეს ჯანდაცვის განვითარების ისეთი სტრატეგია სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ინტერესები;
- ფინანსური რესურსების მოზიდვა;
- ფინანსური და საოპერაციო რისკების შემცირება;
- ჯანდაცვის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
- ჯანდაცვაში სახელმწიფო კაპიტალდაბანდებების შემცირება, შესაბამისად, სახსრების გამოთავისუფლება ჯანდაცვის სექტორის სხვა პრიორიტეტებზე;
- სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესება ხარისხის დაქვეითების გარეშე ხარჯების შემცირების გზით;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პერსონალის გადაყვანა ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანიზაციიდან კერძოში;
- ჯანდაცვის ობიექტებზე საკუთრების უფლების შენარჩუნება (კერძო პარტნიორზე გადაცემისას).
კერძო ბიზნესისათვის სახელმწიფო ორგანიზაციასთან პარტნიორული თანამშრომლობის მთავარ სარგებლებს წარმოადგენენ:
- ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო აქტივების და რესურსების კერძო სექტორისათვის ხელმისაწვდომობა;
- ბიზნესის განვითარების სტაბილურობა;
- ჯანდაცვის ინოვაციურ პროექტებზე სახელმწიფო მხარდაჭერა.
- სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ფინანსური ტვირთის განაწილება.
ჯანდაცვაში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ლიდერებს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ. დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრინციპებზე განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი, რაც შეადგენს დაფინანსებული პროექტების დაახლოებით 22 %-ს (მათ შორის 611 მილიონი დოლარის ღირებულების საავადმყოფოს მშენებლობა, ონკოლოგიური ცენტრის რეკონსტრუქცია) (McKee et al., 2006). სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დიდი ბრიტანეთის გამოცდილება ადასტურებს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთქმედების ასეთი ფორმატის გამოყენების ეფექტურობას და პერსპექტიულობას.
მსოფლიოში არსებული გამოცდილებით, ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობის მთავარ სფეროებს წარმოადგენენ:
- სამედიცინო მომსახურების გაწევა. სახელმწიფოს შესაძლოა არ ქონდეს სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეების მაღალი ხარისხით გაწევის საწარმოო და ორგანიზაციული შესაძლებლობები. ამის გამო, გარკვეული სერვისების განსახორციელებლად, სახელმწიფო სახელშეკრულებო ურთიერთობებს ამყარებს კერძო სამედიცინო ორგანიზაციებთან. თავის მხრივ, კერძო სამედიცინო დაწესებულებები დაინტერესებულები არიან სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. ამის მიზეზია რამდენიმე ფაქტორი: უპირველესად, იგი მათ საშუალებას აძლევს გაზარდონ თავიანთი ცნობადობა და მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი ადამიანები. მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები ხშირად არ ფარავენ სამედიცინო მომსახურებაზე ფაქტობრივად გაწეულ მთლიან ხარჯებს. შესაბამისად, კერძო პარტნიორი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტმა შეიძლება დამატებით შეიძინოს სერვისები, რომლებიც არ არის განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, შეზღუდული რესურსების პირობებში, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული თანამშრომლობის შედეგად მოსახლეობა ღებულობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სამედიცინო მომსახურებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო შეკვეთის განსახორციელებლად კერძო სამედიცინო ორგანიზაციების შერჩევა ხდებოდეს კონკურსის საფუძველზე, სადაც ყურადღება მიექცევა სამედიცინო მომსახურების სათანადო ხარისხით გაწევას და მასზე მონიტორინგს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორული თანამშრომლობა შემოიფარგლება სამედიცინო მომსახურების გაწევაზე წლიური (მოკლევადიანი) კონტრაქტით, რაც სამედიცინო მომსახურების არასათანადო გაწევის შემთხვევაში კონტრაქტის გაუქმების საშუალებას იძლევა.
- ქონების იჯარით გაცემა. სახელმწიფო-კერძო პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი საშუალებაა სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემა. ამ დროს სახელმწიფო ახდენს მის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აღჭურვილობების იჯარით გაცემას კერძო ბიზნესზე. თუმცა, მოიჯარე შეიძლება იყოს სახელმწიფოც. საკუთრების იჯარით გაცემას შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ხასიათი.
- პერსონალის დაქირავება (აუთსტაფინგი) – კერძო კომპანიის მიერ კონკრეტული პროექტის შესასრულებლად შტატგარეშე პროფესიონალების მოზიდვა, რომელთაც აქვთ საჭირო ცოდნა, უნარები და გამოცდილება.
- აუთსორსინგი. როდესაც სახელმწიფო ორგანიზაცია გარკვეულ საქმიანობას (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, საბუღალტრო აღრიცხვა) უფრო ძვირად ახორციელებს, ვიდრე კერძო ბიზნესი, მიზანშეწონილია კერძო სექტორზე მათი გადაცემა, ანუ აუთსორსინგი. ზოგიერთ შემთხვევაში, აუთსორსინგს შეიძლება გადაეცეს კვების ბლოკი, სამრეცხაო, შენობების და აღჭურვილობა-დანადგარების, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური მოწყობილობების სარემონტო სამუშაოებები და შენახვა. სამედიცინო ორგანიზაციების აუთსორსინგი შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი (1 წლიანი), ასევე გრძელვადიანი (15-20 წელი). გრძელვადიანი კონტრაქტი შესაძლოა უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს, რადგან პირველი წელი აუთსოსერისგან მოითხოვს დიდ ინვესტიციებს და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოაქვს მას ეკონომიკური სარგებელი. აუთსორსინგის მთავარ სარგებლებს წარმოადგენენ: დროის დაზოგვა, გადაცემული სერვისების უფრო მაღალი ხარისხი…
- ფინანსური თანამშრომლობა. სახელმწიფო-კერძო ბიზნესის პარტნიორობის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობა გულისხმობს ჯანდაცვაში სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად კერძო კაპიტალის მოზიდვას, კერძო სამედიცინო ბიზნესისათვის გრანტების მიცემას, სახელმწიფო სამედიცინო ორგანიზაციებში კერძო ბიზნესის მიერ ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანების განხორციელებას (ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა), სახელმწიფოს მიერ კერძო სამედიცინო ორგანიზაციების პირდაპირ ინვესტიციებს.
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფორმები
მსოფლიო პრაქტიკაში, ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის პარტნიორობის განხორციელების სხვადასხვა ფორმები არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინვესტიციებს ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, სხვა ქვეყნებში – უკვე არსებული ობიექტების ეფექტურობის გაზრდას.
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ყველაზე ხშირად გამოყენებულ მოდელს წარმოადგენს კონცესია. კონცესია სახელმწიფოს მიერ კერძო მრეწველთან დადებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც მრეწველი (ფირმა) იღებს გარკვეულ სამრეწველო საწარმოთა ექსპლუატაციის უფლებას. ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატებში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის დადებული ხელშეკრულებების 60-დან 80% კონცესიის ფორმის მეშვეობით ხორციელდება. კონცესიები ყველაზე მეტად გავრცელებულია იმ ქვეყნებში, სადაც კარგად არის განვითარებული სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის პარტნიორობის სამართლებრივი ჩარჩო. ასეთ ქვეყანას განეკუთვნება საფრანგეთი, სადაც არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კონცესიური კანონმდებლობა.
ფრანჩაიზინგი გულისხმობს კერძო კომპანიასა სახელმწიფოს შორის დადებულ კონტრაქტს ჯანდაცვის არსებული ობიექტის მართვასა და ექსპლუატაციაზე. კერძო პარტნიორი ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების ინვესტირებას საჭირო მოწყობილობა-დანადგარებით და სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ჩადებული ინვესტიციების დაბრუნებას და მოგების მიღებას ობიექტების ეფექტური ფუნქციონირების ხარჯზე. ფრენჩაიზინგის მოდელს ფართოდ გამოიყენებენ შვეციაში, რომელიც მოიცავს საჯარო საავადმყოფოს გაყიდვას კერძო კომპანიაზე. 1991 წლიდან შვედეთში, კერძო სექტორი დაშვებულ იქნა საავადმყოფოების, სასწრაფო დახმარების სერვისების, ლაბორატორიების მესაკუთრეობაში და მართვაში, რის შედეგადაც შემცირდა რენტგენის მომსახურება 50%-ით, ლაბორატორიული მომსახურება – 40%-ით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მოცდის ხანგრძლივობა – 30%-ით.
„დიზაინი, მშენებლობა, დაფინანსება, ფუნქციონირება“ მოდელი (DBFO — design, build, finance, operate) გულისხმობს კერძო ინვესტორის მიერ სამედიცინო დაწესებულების აშენებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიზაინისა და სპეციფიკაციების საფუძველზე. კერძო ინვესტორი აფინანსებს კაპიტალურ ხარჯებს, ახდენს მის ექსპლუატაციას და მონაწილეობს მის ფუნქციონირებაში. ასეთი მოდელი გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში, სადაც მას კერძო ფინანსური ინიციატივის (Private Finance Initiative – PFI) მოდელს უწოდებენ. იგივე სახის მოდელები დაინერგა კანადაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ირლანდიაში.
“აშენება, საკუთრების მიღება, ფუნქციონირება“ (BOO — build, own, operate) მოდელი გულისხმობს კერძო დეველოპერის მიერ ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ მის გადაცემას სახელმწიფოზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ობიექტის გამოყენების უფლება რჩება კერძო ინვესტორს (მესაკუთრეს).
“აშენება, საკუთრების მიღება, ფუნქციონირება, გადაცემა“ (BOOT – build, own, operate, transfer) მოდელის გულისხმობს კერძო ინვესტორის მიერ კაპიტალური მშენებლობის ობიექტის ექსპლუატაციას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რომლის გასვლის შემდეგ ობიექტზე საკუთრების უფლება უბრუნდება სახელმწიფოს.
“შეძენა, საკუთრების მიღება, უკუ-ლიზინგი» (BOLB – buy, own, lease back) მოდელი გულისხმობს კერძო ინვესტორის მიერ სამედიცინო დაწესებულების აშენებას და შემდეგ მის ექსპლუატაციას, რომელსაც შემდეგ ლიზინგით (იჯარა) გადასცემს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს. საიჯარო თანხის გადახდებმა დადგენილი ვადის პერიოდში უნდა დაფარონ ობიექტის ხარჯები და მოიტანონ მოგება, რომლის ოდენობა დგინდება ხელშეკრულებით. არსებითად, ეს წარმოადგენს “განვადებით შეძენას”, ამასთან, საიჯარო გადასახადების გადახდის შედეგად იგი სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტების საკუთრებაში რჩება.
Alzira (ხელშეკრულებების დადება მშენებლობაზე და მომსახურების გაწევაზე) მოდელი გულისხმობს კერძო ინვესტორის მიერ სამედიცინო დაწესებულების აშენებას, მის ექსპლუატაციას და ფუნქციონირებას, ამასთან კონტრაქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გაწევას. ეს უნიკალური მოდელი შეიქმნა საავადმყოფო Alzira-ში (ესპანეთის პროვინცია ვალენსიაში). ამ მოდელის საფუძველზე საავადმყოფოს მართვა ხდება კერძო კონსორციუმის მეშვეობით, რომელიც პასუხისმგებელია გარკვეული მოსახლეობის ჯანდაცვაზე, რისთვისაც ღებულობს ყოველწლიურ ანაზღაურებას (გამოითვლება სულადობრივი მეთოდის გამოყენებით).
საქართველოში სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელის ჯანდაცვის სექტორში დანერგვის უმთავრესი პრობლემა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ არ არსებობს მისი ჯანდაცვის სისტემაში დანერგვის და ამ დანერგვის შედეგად მისი ეფექტურობის და შესაძლო სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების შეფასების სათანადო გამოცდილება. დღეისათვის, საქართველოში არ არის შექმნილი სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის განსახორციელებლად სათანადო სამართლებრივი ბაზა.
თუმცა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ დარეგულირებული იქნას კანონით დაშვებული პარტნიორული ურთიერთობები; მაგრამ გასათვალისწინებელია ჯანდაცვის სექტორისათვის დამახასიათებელი მრავალსახა სპეციფიკური თავისებურებები, რაც მოითხოვს შესაბამის კანონმდებლობაში ჯანდაცვაში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრინციპების, ფორმების, შეთანხმების გაფორმების, კერძო ინვესტორებისა და ხელისუფლების უფლებების, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შეთანხმების რეალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებებისა და წესების, ურთიერთობების დამყარების გრძელვადიანი პროგრამების დამუშავებისა და დამტკიცების, რესურსების გაერთიანების წესების, პასუხისმგებლობისა და რისკების განაწილების წესების მხარეებს შორის, სახელმწიფოსა და კერძო ფირმას შორის ღიად და გამჭვირვალედ გამოკვეთას (მოწონელიძე, ე., 2015).
ამგვარად, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში, ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის და სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელი მნიშვნელოვნად ზრდის როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხს, ასევე მასზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. პერსპექტივაში, მიზანშეწონილია, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელის, როგორც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების განვითარება.
თენგიზ ვერულავა
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ბიბლიოგრაფია:
- McKee M., Edwards, N. and Atun R. (2006). Public-private partnerships for hospitals. Bulletin of the World Health Organization 2006; 84: 890–896.
- ვერულავა, თ. (2015). სახელმწიფო–კერძო პარტნიორობის მოდელი ჯანდაცვის სექტორში. ლიბერალი. 04.2015
- მოწონელიძე, ე., (2015). სახელმწიფო-კერძო პატნიორობის როლი ჯანდაცვაში ორგანიზაციულ-ეკონომიკური სისტემის სრულყოფის საქმეში. ბიზნეს-ინჟინერინგი. N 4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გვ. 54-57
გამოქვეყნდა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში” მასალების კრებული. თბილისი, 2016. გვ. 130-134