მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „სახარჯ მასალებთან დაკავშირებულმა რეგულაციამ სამედიცინო პროფილის კომპანიები ასიათასობით ლარით აზარალა“

„სახარჯ მასალებთან დაკავშირებულმა რეგულაციამ სამედიცინო პროფილის კომპანიები ასიათასობით ლარით აზარალა“

სამედიცინო სახარჯ მასალასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა სხვადასხვა მწარმოებლის გამოშვებული, ხარისხიანი სტენტების გამოყენება შეზღუდა. ამასთან,  რეგულაციები დარგისთვის პრაქტიკულად მოულოდნელად, მოკლე ვადაში ამოქმედდა. ამან კი დააზარალა კლინიკები და პროდუქციის რეალიზატორი კომპანიები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ შეძენილი იმ მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც რეგულაციებიდან ამოიღეს.

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის 4Hospitals-ის კომერციულმა დირექტორმა გიგა კოხრეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახარჯ მასალებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ევროპაში 2018 წელს შექმნილი სტანდარტი, რის შედეგადაც ათეულობით მწარმოებელი, რომელთა პროდუქციის გამოყენებაც საქართველოში დაშვებული იყო, 5 მწარმოებლამდე დავიდა.

„ბრძანებით შემოიღეს რეგულაცია, რომელმაც 2018 წლის გაიდლაინი დაამტკიცა და რომლითაც, 5 კომპანიის გარდა, სხვა მწარმოებლის გამოშვებული სტენტები, რომლებიც ხარისხიანია, ხმარებიდან ამოიღეს. გამოვიდა, რომ  ეს პროდუქცია ჩამოსაწერია. ამ დროს კი კლინიკებსა და რეალიზატორ კომპანიებს მარაგები ჰქონდათ შექმნილი, რომლებიც უბრალოდ გადასაყრელი გახდა. შედეგად, მათ ასი ათასობით ლარის ზარალი მიადგათ. ძალიან ხისტი ბრძანებაა, რომელიც ლავირების საშუალებას არ იძლევა. ყველაზე მკაცრად კი ეს რეგულაცია სტენტებს შეეხო,“ –  განმარტა კოხრეიძემ და აღნიშნა, რომ საპროტეზო მასალისა და თვალის ბროლის შემთხვევაში პრობლემა უფრო ნაკლებია, რადგან ამ მასალის გამოყენებისთვის სერტიფიკატის არსებობა საკმარისია.

მისი თქმით, მანამდე გაიდლაინი არ არსებობდა და კლინიკები გამოიყენებდნენ სხვადასხვა მწარმოებლის სტენტებს – მათ შორის როგორც წამლიანს, ისე უწამლოსაც, თუმცა ახალმა რეგულაციამ უწამლო სტენტის გამოყენება აკრძალა, რასაც გიგა კოხრეიძე დადებითად აფასებს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ერთ წელიწადში ამბულატორიული სერვისები 11 პროცენტით, საავადმყოფოების მომსახურება კი 7.6 პროცენტით გაძვირდა

მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. …