ფარისებრი ჯირკვალი ყელის მიდამოში მოთავსებული პეპლის ფორმის, 4-დან 6 სანტიმეტრამდე ზომის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, გულის, თავის ტვინის, კუნთების, საყრდენ -მამოძრავებელი სისტემის და რეპროდუქციული ორგანოების მუშაობაზე.
საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შტატების 30 000-მდე მაცხოვრებელს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის, 60 000-მდეს კი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზს უსვამენ.
სტატიაში მოყვანილია ფარისებრი ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებული რეალური ფაქტები.
- ფარისებრი ჯირკვლის კიბო ძირითადად 55 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს ემუქრებათ. შემთხვევების 2%-ში ფარისებრი ჯირკვლის კიბო შესაძლოა განვითარდეს ბავშებსა და თინეიჯერებში. ამასთან ფარისებრი ჯირკვლის კიბო იკავებს პირველ ადგილს 15-დან 29 წლამდე ასაკის მდედრობითი სქესის ადამიანებში და ძუძუს კიბოს შემდეგ სიხშირით მეორე ადგილზე გვევლინება 30-დან 39 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ქალებში.
- ტეხასის ანდერსონის სამედიცინო ცენტრის მკვლევარები ამბობენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 75% ქალებზე მოდის, თუმცა ამ ფაქტის ლოგიკური ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს. კვლევის მიხედვით, ესტროგენის სიჭარბე არის პირდაპირ კავშირში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის როგორც კეთილ ისე ავთვისებიან შემთხვევებთან.
- ,,საინტერესოა, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რაიმე დამახასიათებელი სიმპტომი არ გააჩნია და შესაძლოა ის მხოლოდ კისრის არეში დისკომფორტის ან მოძრავი სიმაგრის აღმოჩენით შემოიფარგლებოდეს“ – ამბობს ვაშინგტონის ჰოსპიტალური ცენტრის დირექტორი კენეთ ბურმანი. ფარისებრ ჯირკვალში წარმონაქმნს ხშირად ექიმი გეგმიური ვიზიტისას გასინჯვით – პალპაციის მეთოდით აღმოაჩენს. გარკვეულ შემთხვევებში კი ეს სიმაგრე პაციენტს ყლაპვის პრობლემებსაც კი უქმნის.
- ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებში 80% პაპილომური კარცინომაა. სწორედ ეს არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული და ნაკლებად აგრესიული ფორმა. ის ძალიან ნელა იზრდება და ხშირ შემთხვევაში ჯირკვლის ორივე წილს იკავებს. პაპილომური კარცინომის კისრის ლიმფურ კვანძებში გავრცელებამდე, მისი მკურნალობა საკმაოდ ეფექტური და წარმატებულია.
- პაპილომური კარცინომის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა არის ფოლიკულური კარცინომა. ამ ტიპის კიბოს 10-დან ერთი შემთხვევა სწორედ მასზე მოდის. ის ყველაზე ხშირია იოდდეფიციტურ ქვეყნებში. საინტერესოა, რომ ფოლიკულური კარცინომა ნაკლებად ვრცელდება კისრის ლიმფურ კვანძებში, თუმცა პროგრესირებს ფილტვებსა და ძვლებში.
- ანაპლასტიკური კარცინომა გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 2%-ში. კიბოს ეს სახეობა პოპულარული გახდა 2012 წლის ბესთსელერიდან – The Fault In Our Stars. წიგნის მთავარი პერსონაჟი, სწორედ ამ ტიპის კიბოთი არის დაავადებული.
- მართალია, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების უშუალო მიზეზები უცნობია, თუმცა ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად შეიძლება რადიაცია ჩაითვალოს.
- ულტრაბგერითი გამოკვლევა არის ფარისებრი ჯირკვლის აღმოჩენის საუკეთესო გზა. საინტერესოა, რომ 1970 წლის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები გაორმაგებულია. ექოსკოპიური კვლევა კი საშუალებას იძლევა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევები ნაადრევ ეტაპზე იქნეს აღმოჩენილი.
- კიდევ ერთი გზა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროული აღმოჩენისთვის არის PET სკანირება (Positron Emission Tomography), რაც გულისხმობს რადიოაქტიური ნივთიერების ადამიანის სისხლში შეყვანა. PET სკანირების შედეგად ნახულობენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტასტაზირებას.
- ქირურგიული ჩარევა არის ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა.
- თირეოდექტომიის (ფარისებრის ამოკვეთა) შემდეგ პაციენტებს ენიშნებათ ყოველდღიური ჰორმონალური პრეპარატები, რათა ორგანიზმში თირეოტროპული ჰორმონების ბალანსი არ დაირღვეს.
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევებში საკმაოდ შედეგიანია რადიოაქტიური იოდით მკურნალობაა. მას თირეოდექტომიის შემდეგ კიბოს უჯრედულ დონეზე განადგურების მიზნით იყენებენ.
- ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პაპილომური, ფოლიკულური და მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმატებით განკურნების შანსი 98% -მდე გაიზარდა. ყოველწიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შედეგად ადამიანის გარდაცვალების შემთხვევები 2000-ით მცირდება. ეს ციფრები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საკმაოდ გამამხნევებლად ჟღერს.
- თვითგასინჯვა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროული აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.