მთავარი » მსოფლიო » რუსეთს კიდევ ერთი ფარმაცევტული გიგანტი ტოვებს – ბიზნესის გაყიდვას იაპონური Takeda აპირებს

რუსეთს კიდევ ერთი ფარმაცევტული გიგანტი ტოვებს – ბიზნესის გაყიდვას იაპონური Takeda აპირებს

იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანია Takeda-მ, შესაძლოა რუსეთში, კერძოდ იაროსლავლში მდებარე საკუთარი ქარხანა გაყიდოს, რომელშიც 10 წლის განმავლობაში 117 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 90 მილიონი ამპულის გამოშვებასა და 3 მილიარდზე მეტი ტაბლეტის გამოშვებაზეა გათვლილი.

იაპონური ფარმაცევტული კომპანიის ღირებულებით უკვე დაინტერესდნენ პოტენციური ინვესტორები, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული მოლაპარაკება არ დაწყებულა. Takeda-ს რუსეთის ოფისში კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც „კომერსანტი“ აღნიშნავს, იაროსლავსკის ქარხანაში მთელი რიგი ინოვაციური პრეპარატები იწარმოება, მათ შორისაა „ნინლარო,“ რომელიც მრავლობითი მიელომის (პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე) სამკურნალოდ გამოიყენება.

რუსული გამოცემის წყაროს მონაცემებით, Takeda, ისევე როგორც არაერთი უცხოელი ფარმწარმოებელი, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დადგა რეალობის წინაშე, როცა მისმა აქციონრების ნაწილმა მოითხოვა რუსულ ბაზარზე კომპანიის წილის შემცირებას.

ამასთან, იგივე წყაროს ინფორმაციით, ქარხნის გაყიდვა არ ნიშნავს კომპანიის რუსეთიდან საკუთარი ბიზნესის გატანას. ერთი წლის წინ Takeda-მ განაცხადა, რომ „ვერ ხედავს რისკებს რუსეთში საკუთარი საქმიანობისთვის.“

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა შეწყვიტა რუსეთში მუშაობა ან უარი თქვა მისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდებაზე. კერძოდ, საინვესტიციო საქმიანობისა და კლინიკური კვლევების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს Bayer-მა, Pfizer-მა, MSD-მ და Novartis-მა.

Eli Lilly-მ და Bristol-Myers-მა კი რუსეთში საკუთარის ბიზნესები სხვას გადასცეს.

მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლენილია ცალკეული წამლების დეფიციტი და ასევე ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების 22%-იანი ზრდა, ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების წილმა კი 60%-ს მიაღწია.

მოგვიანებით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ფარმაცევტული საწარმოების გახსნაზე პუტინმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მედიკამენტების წარმოება უნდა გაიზარდოს და გაძლიერდეს დამოუკიდებლობა უცხოელი მომწოდებლებისგან.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …