რუსეთის სხვადასხვა მსხვილი კოვიდ-კლინიკის ექიმებმა ანტივაქსერების ლიდერები მორგებსა და რეანიმაციებში დაპატიჟეს.
შეთავაზება ვაქცინაციის 12-მა ყველაზე ცნობილმა კრიტიკოსმა და ზოგადად, ყველა ანტივაქსერმა მიიღო. წერილის ადრესატებს შორისაა კომპარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი მმართველი პარტიიდან პეტრ ტოლსტოი, რუსეთში პოპულარული მომღერლები და მსახიობები.
ეს ადამიანები აპროტესტებენ ვაქცინაციას, სავალდებულო აცრებს და ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებულ სხვადასხვა შეზღუდვას. მედიკოსები მათ საავადმყოფოების „წითელ ზონებში“ შესვლას სთავაზობენ, სადაც კოვიდპაციენტები წვანან. ასევე სთავაზობენ მორგებში „მოგზაურობას“,
„ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია რუსეთის მოქალაქეების კოვიდ-ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი ახლა ცოტათი დაკავებულები ვართ და, ალბათ, ხვდებით – რითიც. თუმცა იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანი კითხულობს, უსმენს და იზიარებს თქვენ აზრებს, ჩვენ გამოვნახავთ დროს იმისთვის, რომ გაგატაროთ „წითელ ზონებში,“ რეანიმაციებსა და კლინიკების პათანატომიურ განყოფილებებში. იქნებ ამის შემდეგ პოზიცია შეიცვალოთ და შედეგად, ნაკლები ადამიანი დაიღუპოს,“ -ნათქვამია წერილში, რომელსაც რუსული გამოცემა „ერ ბე კა“ ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას ანტივაქსერების წინააღმდეგ, რომლებიც „პასუხს აგებენ ადამიანების სიკვდილზე.“